საქართველოს საპატრიარქო

მამალაძის ადვოკატი: საქმეზე საუბარი გვეკრძალება, ჩვენს სიმართლეს ვერ ვამბობთ

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და მღვდელი გიორგი მამალაძე
facebook.com/batum.lazeti

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს, მოუხსნას შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარეს საქმეზე საჯაროდ საუბარი ეკრძალება. გიორგი ფანცულაიამ რუსთავი ორს უთხრა, რომ მას აკრძალული აქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და საზოგადოება ცალმხრივად იღებს ინფორმაციას.

„დღესაც მე აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დავარღვევ. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ის, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ გამოვიდეთ და ჩვენი სიმართლე, როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენც ვუთხრათ ჩვენი სიმართლე. პროკურატურას აქვს უფლება, გარკვეული შეზღუდვა დააწესოს და მე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას არ დავარღვევ. ვადასტურებ, რომ გიორგი მამალაძე არის დაკავებული, მის მიმართ ისმის ერთი მხარის ბრალდებები და ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოებას ჩვენი სიმართლე ვუთხრათ, სიმართლე, რომელსაც ბოლომდე გავიტანთ. მე მივმართავ პროკურატურას, რომ იქნებ მოგვცენ უფლება ჩვენი პოზიციის დაფიქსირების, რათა საზოგადოება არ იყოს ცალმხრივად ინფორმირებული", - თქვა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

პროკურატურის განცხადებით: "გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა. 

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება - "ნატრიუმის ციანიდი", - განაცხადეს პროკურატურაში. 

კომენტარები