დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანამდებობა დატოვა

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა.

ფლინმა აღიარა, რომ ის ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, აშშ-ში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხს განიხილავდა, შემდეგ კი თეთრ სახლს ამის შესახებ არასრული ინფორმაცია მიაწოდა. 

"სამწუხაროდ, მოვლენების სწრაფი განვითარების გამო, არამიზანმიმართულად მივაწოდე ვიცეპრეზიდენტს და სხვებს არასრული ინფორმაცია რუსეთის ელჩთან ჩემი სატელეფონო საუბრების შესახებ. მე გულახდილად ბოდიში მოვუხადე პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს. მე ვტოვებ თანამდებობას", - წერს ფლინი განცხადებაში. 

გასულ კვირაში Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2016 წლის 29 დეკემბერს ბარაკ ობამას მიერ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებისას აშშ-ის სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს სატელეფონო საუბარი აშშ-ში რუსეთის ელჩსა და მაიკლ ფლინს შორის, რომელმაც ერთი თვის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა დაიკავა. სატელეფონო საუბარი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხებოდა. გასული თვის ბოლოს კი, ფლინსა და აშშ-ში რუსეთის ელჩს შორის შემდგარ კონტაქტზე, თეთრი სახლი აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გააფრთხილა.

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობის შემსრულებლად გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი დანიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, მაიკლ ფლინის პოსტზე შესაძლოა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი დევიდ პეტრეუსი დაინიშნოს.

კომენტარები