გიორგი მამალაძის საქმე

ადვოკატი: გიორგი მამალაძემ რამდენჯერმე მიმართა სინოდს, მის წერილებს ბლოკავდნენ

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი და მღვდელი გიორგი მამალაძე
facebook.com/batum.lazeti

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა წერილით წმიდა სინოდს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ მამა გიორგი კონკრეტულად გუშინ გავრცელებული წერილის ავთენტურობას ვერ ადასტურებს, რადგან მის შინაარსს არ გასცნობია. 

"მამა გიორგის პასუხი არის შემდეგი - უშუალოდ ამ წერილის ავთენტურობას ვერ დაადასტურებს, რადგან თვითონ არ გაცნობია მას, მაგრამ ის ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილით რამდენჯერმე, არაერთხელ 2015 წლის დეკემბრიდან მიუმართავს წმიდა სინოდისთვის და, სამწუხაროდ, გარკვეული მხარეები მას ბლოკავდნენ. მან ისიც დაამატა, რომ ერთ-ერთი ბოლო წერილით ის ითხოვდა, ან რეალურად გამოეძიებინათ ეს საქმეები, ან გადაეყენებინათ თანამდებობიდან, ვინაიდან ის იკავებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობას", - თქვა ადვოკატმა რუსთავი ორთან საუბარში.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა წერილი, რომელიც, წყაროს მტკიცებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმიდა სინოდის ბოლო სხდომამდე გაუგზავნა და რომელიც საპატრიარქოში არსებულ ფინანსურ დარღვევებს ეხება. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამასთან, მამა გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

კომენტარები