რუსთავი 2-ის საქმე

ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე არ მივა

ტაბულა,

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს გამოკითხვაზე არ მივა - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს. გვარამიას თქმითვე, მას მინდობილობა უკვე გაცემული აქვს და თუ დააკავებენ, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს მისი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი.

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა კვირას 14:30 საათზე პარლამენტის ძველ შენობასთან რ2-ის მხარდამჭერი აქცია დააანონსა.

გვარამიამ ასევე ისაუბრა ჩანაწერზე, რომლის ავთენტურობაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს საუბარი სამ პირს შორის მიმდინარეობდა და 6 მილიონზე არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს ესაუბრება.

"საკითხს, რომელზეც დღეს იყო საუბარი ერთი ახალგაზრდა კაცის მიერ, რომელსაც ალბათ შეეძლო რაღაცისთვის მიეღწია პოლიტიკაში, მაგრამ, ვგონებ, გვიანია, განსაკუთრებით დღევანდელი დღის შემდეგ, როცა ის პავლიკ მოროზოვივით გამოვიდა და ადამიანების დაპატიმრება მოითხოვა. ჩანაწერი, რომელზეც არის საუბარი, არის ჩემს მიერ გაკეთებული. ის გრძელდება საათზე მეტ ხანს. ის მიმდინარეობს სამ პირს შორის. ფიგურანტი იქ არის მონაწილე სამი პირი. თანხასთან დაკავშირებით, მე ვესაუბრები არა მამუკა ახვლედიანს, არამედ მესამე პირს და ვესაუბრები აბსოლუტურად სხვა თემაზე. ვესაუბრები რ2-ის ვალებზე. მესამე პირი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული, მე ის არ დავასახელე იმიტომ, რომ ვინარჩუნებ წყაროს გაუთქმელობას. ეს ჩვენება მივეცი პროკურატურას. ეს მესამე პირი მესაუბრება, როგორ აპირებს ხელისუფლება ჩვენს გაგუდვას, მათ შორის ჩვენი ვალების მეშვეობით, რომელიც მე დამხვდა რ2-ში იმიტომ, რომ მას შემდეგ ჩვენ ვალი არ აგვიღია. ერთ-ერთი ვერსია იქნებოდა ვალებით გაგუდვა იმიტომ, რომ კონტრაქტი, რომელიც დავდეთ, ითვალისწინებს 6-მილიონიან ინვესტიციას. იქიდან ვაპირებ ამ ვალების გასტუმრებას.

რაც შეეხება ბატონ მამუკა ახვლედიანს, რა ვუთხარი მე მას, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი, ჩემს მიერვე არის ნათქვამი. თუ ვინმემ არ იცის, განვმარტავ, რომ არსებობს ე.წ. whistle blower [მამხილებლის ინსტიტუტი], ანუ ადამიანის, რომელიც ამხელს სისტემას შიგნიდან. როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე გხვდება მისი თუ მესამე პირის ინიციატივით, ცხადია, რომ მისგან ელოდები ძალიან მნიშვნელოვან სენსიტიურ ინფორმაციას. ამიტომაც ჩავიწერეთ ჩვენ. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, წარგვედგინა სასამართლოსთვის. მამუკა ახვლედიანს ვუთხარი, რომ თუ მისთვის ცნობილია კორუფციული გარიგების შესახებ ჩვენს საქმეში, სახელმწიფოსა და მოსამართლეს შორის, ესაუბრა ამაზე ხმამაღლა და ჩვენ დავიცავდით მის უსაფრთხოებას, ყოველგვარ უსაფრთხოებას, ფინანსურის ჩათვლით. ეს არ არის პირველი რუსთავი 2-ის პრაქტიკაში იმიტომ, რომ წყაროს უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს დაცული, ეს მედიის ინტერესშია. მაგრამ, ბატონმა ახვლედიანმა თქვა, რომ მისთვის არაფერი არ არის ცნობილი და იგი უბრალოდ მესაუბრა სასამართლოში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. თუ მე მას ფული გადავუხადე თანამდებობიდან გადადგომაში, როგორც დღეს ითქვა, სად მივიღე ეს შედეგი? როდის გადადგა ბატონი მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან? არათუ არ გადადგა, იგი უკანონოდ გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დღემდე იბრძვის, რომ თავი აღიდგინოს ამ თანამდებობაზე. შესაბამისად, ქრთამის შემადგენლობა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს", - ამბობს გვარამია.

გვარამიასვე თქმით, "ეს საუბარი არის დამონტაჟებული და ჩემს გარდა მოსმენილი აქვს ჩემს უკან მდგომ ყველა პირს სრულად. მე ეს პირები დავუსახელე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ შეეძლოთ ეს პირები დაეკითხათ, მაგრამ დღემდე არავინ არ დაუკითხავს".

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ ნიკა გვარამია და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საუბრობენ. ამასთან, შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ "დადასტურდა საუბრის ავთენტურობა, ექსპერტიზის დასკვნით, ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, საუბარს უწყვეტ რეჟიმში ასახავს, მასში დაფიქსირებული ხმები კი, ნამდვილად მამუკა ახვლედიანს და ნიკა გვარამიას ეკუთვნით".

ახვლედიანი-გვარამიას აუდიოჩანაწერი 3 ოქტომბერს გავრცელდა. მაშინ რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ სუს-ი თავის პერსონალურ კომპიუტერში შეღწევასა და კიბერდანაშაულში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს ჩანაწერი არ არის სატელეფონო საუბარი. გვარამიას განმარტებით, აუდიოჩანაწერი თავადვე გააკეთა დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც მამუკა ახვლედიანმა თავად გამოხატა კომუნიკაციის სურვილი. გვარამიას თქმით, მან კოლეგებისგან მიიღო რჩევა, რომ საუბარი ჩაეწერა, თუმცა, ვინაიდან ჩანაწერი რუსთავი 2-ისთვის საინტერესო მასალას არ შეიცავდა, იგი გაანადგურეს.

კომენტარები