ფარული ჩანაწერები

გვარამია: პროკურატურას სურდა, რომ გამემხილა წყარო, ანუ მესამე პირი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. საქმე ეხება საუბრის ფარულ ჩანაწერს ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის, რომელიც ორი დღის წინ შსს-ს ექსპერტებმა ავთენტურად გამოაცხადეს. რ2-ის გენერალურმა დირექტორმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიებას კითხვები აუდიოჩანაწერის შინაარსის შესახებ ჰქონდა. 

"გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას. პროკურატურას ავიწყდება, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე, ეს გამოძიება მიმდინარეობს ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე. ჩვენი განმარტება იყო შემდეგი: კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას. ბუნებრივია, თუ ის სცდება გამოძიების ინტერესებს, ამ კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ. მიუხედავად ამისა, კითხვებზე ვუპასუხე მთელ რიგ შემთხვევებში", - ამბობს გვარამია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ასევე ამბობს, რომ გამოძიებამ მათ ქვეყნის შიგნით ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა წაართვა.

"რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი. იგი არ ასახავს საუბარს, რომელიც შედგა სამ პირს შორის. ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს გავეცანი, თუმცა არ გადმომცეს. შეუძლებელი გახდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება ქვეყნის შიგნით იმიტომ, რომ გაუგებარი მიზეზებით, ჩატარდა კომისიური ექსპერტიზა და შსს-ს კრიმინალური საექპერტო კვლევა და „სამხარაული“ ერთად არიან გასვრილი ამ საქმეში. ჩვენ მოგვისპეს შესაძლებლობა ქვეყნის შიგნით ალტერნატიული ექსპერტიზის გაკეთების", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიასვე თქმით, პროკურატურას სურდა, რომ წყარო, ანუ საუბარში მონაწილე მესამე პირის ვინაობა გაემხილა.

"პროკურატურის პოზიცია იყო ის, რომ მე უნდა გამემხილა წყარო, ანუ მესამე პირი. ეს განმარტეს იმით, რომ მე არ ვარ ჟურნალისტი. რა თქმა უნდა, ეს არის სიბეცე და უცოდინრობა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მართლმსაჯულების ცოდნისა. ნებისმიერი ტელევიზიის და პრესის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, ითვლება, რომ დაცულია გაუთქმელობის პრივილეგიით. რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვა, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ამ პრივილეგიით არის დაცული, დარჩა უპასუხოდ", - თქვა გვარამიამ.

გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანიც დაიბარეს. ნიკა გვარამიას მსგავსად, ისიც დაკითხვას სასამართლოს გზით მოითხოვს. 

კომენტარები