გიორგი მამალაძის საქმე

ბესელიას ოფიციალურ გვერდზე "პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულზე" წერია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ოფიციალურ FB-გვერდზე პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულზეა საუბარი.

ოფიციალურ გვერდზე, 13 თებერვალს განთავსებული ვიდეოკომენტარის აღწერაში წერია - "პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს პატრიარქის წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულთან დაკავშირებით, ეკა ბესელიას თქმით, ეს დანაშაული სამართალდამცავებმა აღკვეთეს".

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ პატრიარქის ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი "ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა - პატრიარქის. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების ცნობით, მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". 

საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადებები ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. პრემიერმინისტრის თქმით, "ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა". გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განმარტა, რას გულისხმობდა "დიდი უბედურების თავიდან აცილებაში" და აღნიშნა, რომ "როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი".

ვიცეპრემიერი კახა კალაძე ამბობდა, რომ თავიდან იქნა აცილებული "უმძიმესი დანაშაული სრულიად სახელმწიფოს წინაშე", იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კი განაცხადა: „ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისთვის".

გარდა ამისა, განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. დეპუტატები ხაზს უსვამდნენ პატრიარქის დაცვის გაძლიერებას. ეკა ბესელიას თქმით, "მზადდებოდა მძიმე დანაშაული".

კომენტარები