საზოგადოებრივი მაუწყებელი

მენეჯმენტის სავარაუდო გეგმა - "წითელი ზონა" და "რეალური სივრცე" დაიხურება

რუსთავი 2

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა გიორგი გვიმრაძემ სამეურვეო საბჭოს წარუდგინა გეგმა, სავარაუდოდ, რომელი გადაცემები დაიხურება და რომელი დარჩება სამაუწყებლო ბადეში.

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ. მწვანე ზოლის, "მაღალი რეიტინგის და მაყურებლისთვის საინტერესო" გადაცემები - "გამომძიებელი რეპორტიორი", "გურმანი", "ფერმა", "ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", "შაბათს საღამოს ლიზასთან", "წიგნების თარო", "ტელებლოგი", "პირადი ექიმი", "სიტყვების თამაში", "გააგრძელე საქართველოს ისტორია". 

ასევე, სამაუწყებლო ბადეში რჩება მეორე კატეგორია, ე.წ. ყვითელ ზოლში მყოფი, "საშუალო რეიტინგის" მქონე გადაცემები - "დოკუმენტური ფილმების სტუდია", "ეპოქა", "დღე მუზეუმში", "რადიო თავისუფლება - ინტერview". 

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოიღებენ ე.წ. წითელ ზოლში მყოფ, "დაბალი რეიტინგის მქონე გადაცემებს", რომლებიც "მაყურებლის მიგრაციას" იწვევს - "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა". 

არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი და საკითხზე მუშაობას გააგრძელებენ.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანიის გადაცემების შეჩერების გეგმა 6 თებერვალს წარადგინა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რეიტინგული ტელევიზია უნდა გახდეს.

გუშინ, 16 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა წარადგინეს საკუთარი ხედვა, თუ რეიტინგის გარდა, კიდევ რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს მაუწყებლის საქმიანობა. ბორდის მიერ შეთავაზებული ოთხი კრიტერიუმია - ხარისხი, ზეგავლენა, წვდომა და წილი, ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით. 

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ცენტრალური ბიუჯეტი 46.4 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს 2016 წელთან შედარებით, 2.4 მილიონი ლარით, 2015 წელთან შედარებით კი 5 მილიონით მეტია. შედარებისთვის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამაზე 11 მილიონით ნაკლებია და 35 მილიონს შეადგენს.

დახარჯული თანხის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დაბალია, TVMR-ის მონაცემებით, იანვრის ბოლო კვირაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 3.3% იყო. შედარებისთვის - რუსთავი 2-ის რეიტინგი 28.9%, იმედის რეიტინგი კი 26.5% იყო.

კომენტარები