რუსთავი 2-ის საქმე

ნინო გვენეტაძემ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა

rustavi2.com

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ საკომიტეტო მოსმენაზე საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს რუსთავი 2-თან დაკავშირებით არ უპასუხა და ქმედება "სამოსამართლეო ეთიკის გამო შებოჭილობით" ახსნა.

თავმჯდომარეს კითხვები "მოძრაობა თავისუფლებისთვისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა დაუსვეს და მოსამართლეებზე ზეწოლას გაუსვეს ხაზი. გვენეტაძემ დარბაზი უპასუხოდ დატოვა.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საერთოდ არ ჰქონდა პასუხი არცერთ შეკითხვაზე, რომელიც მას ოპოზიციამ დაუსვა და ის, ფაქტობრივად, კომიტეტის თავმჯდომარის ხელშეწყობით გაიქცა კომიტეტის სხდომიდან იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა ძალიან მწვავე შეკითხვებზე, რომელიც აქვს არა მხოლოდ ამ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს, არამედ საზოგადოებას, ათასობით ადამიანს, რომლებიც გუშინ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, რათა გაეპროტესტებინათ არა მხოლოდ რუსთავი 2-ის წართმევის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, არამედ ის, რომ ქვეყანაში არ გვყავს დამოუკიდებელი სასამართლო და არ შეიძლება, გვქონდეს იმედი, რომ მართლმსაჯულებას ასრულებს პოლიტიკური დაკვეთისაგან თავისუფალი სასამართლო", - თქვა ენმ-ის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის დეპუტატის, სერგო რატიანის თქმით კი, "პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს მოხსენება ჰგავდა იმ ადამიანის მოხსენებას, რომელიც თითქოს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ლაპარაკი იყო ექსპერტებზე, ტრეინინგებზე, მოსამართლეების რაოდენობის დამატებაზე. თითქოს, ეს არ იყოს ის ქვეყანა, სადაც მედიას ასამარებენ და რუსთავი 2-ის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რეიტინგული არხის, გაუქმების საკითხი არ დგება, თითქოს, არ იყოს პოლიტპატიმრების საკითხი ქვეყანაში. არა მარტო არანაირ კითხვას არ გასცა პასუხი, არამედ საერთოდ არ შეეხო ამ საქმეს და, უბრალოდ, თქვა, რომ გამოძიების ინტერესებშია ამაზე არსაუბარი და, უბრალოდ, გაიქცა დარბაზიდან".

ნინო გვენეტაძემ დღეს დეპუტატებს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშები გააცნო.

კომენტარები