ე.წ. ციანიდის საქმე

მამალაძის ადვოკატი: ეუბნებოდნენ, ვიცით, პატრიარქის მოწამლვას რომ აპირებდიო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმ ინფორმაციას ასაჯაროვებს, რაც მან ბრალდებულისგან გაიგო. მისი თქმით, დაკავების შემდეგ, სანამ გაჩხრეკდნენ, სამართალდამცველები პირდაპირ ეუბნებოდნენ "ვიცით, პატრიარქის მოწამლვას რომ აპირებდი".

ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში ისაუბრა. 

"მამა გიორგი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, როდესაც ის გადაჰყავდათ მოდულის შენობაში, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მას ეუბნებოდნენ: "შენ იცი, რისთვის ხარ დაჭერილი?" და ნუ, ჯერ ვერ გაერკვია მამა გიორგი რატომ იყო დაჭერილი და რის საფუძველზე. მას რამდენჯერმე გაუმეორეს, რომ "ჩვენ ვიცით, რომ შენ აპირებდი პატრიარქის მოწამლვას", რაც მისთვის იყო შოკისმომგვრელი," - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ბრალდებულს ბარგი დაახლოებით, 7 საათის შემდეგ მიუტანეს და ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ზუსტად იცოდნენ, სად იდო ნივთი, რომელსაც ეძებდნენ. 

"ბარგი 6 საათისა და 40 წუთის დაგვიანებით მიუტანეს. როგორც მამა გიორგი ბრძანებს, ეს ჩემოდანი ორი განყოფილებიდან შედგებოდა. ისე, რომ არცერთი განყოფილება, ამ შემთხვევაში, როდესაც ჩხრეკა ტარდება, აბსოლუტურად დეტალურად უნდა მოხდეს ყველა იქ რამე ნივთი თუ არსებობს შემოწმება, მაგრამ პირდაპირვე მოახერხეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი განყოფილების გახსნა, საიდანაც ამოიღეს "დეზოდორის" მაგვარი ნივთი, ხოლო მისი აღწერით, მეორე განყოფილებაში იდო ძალიან ბევრი პარფიუმერული [ნივთიერება], როგორიცაა "ადეკოლონი", კბილის ჯაგრისი და პასტა და იმათ არც შეხებიან. პირდაპირ ამოიღეს იქიდან, როდესაც აქ ლაპარაკია, რომ [ციანიდი] ჩხრეკის შედეგად იქნა აღმოჩენილი," - ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი. 

კომენტარები