ზიმბაბვე

ზიმბაბვეს ახალი ვალუტა ნამდვილი ვალუტა არაა

ზიმბაბვეს ახალი ვალუტა
CNN

ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ახალი ვალუტა, სახელწოდებით "დოლარი", ნამდვილი ვალუტა არაა. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც გამოსვლიდან ორ თვეში მან საკუთარი ღირებულების ნახევარი დაკარგა. ახალ დოლარს, რომელიც ოფიციალურად ვალუტა არცაა, ჩვეულებრივი ვალუტისგან ის განასხვავებს, რომ ის არცერთ უცხოურ ვალუტაზე არ კონვერტირდება, ამ ნაკლის გამო, მის გამოყენებას მოსახლეობა თავს არიდებს. მისი გამოშვება ზიმბაბვემ ქვეყანაში ნაღდი ფულის (აშშ დოლარის) დეფიციტის გამო დაიწყო. 

ახალ ვალუტას მიმზიდველობას ის გარემოებაც უკარგავს, რომ მისი დიზაინი ზუსტად ემთხვევა ქვეყნის წინა ვალუტის - ზიმბაბვეს დოლარის დიზაინს, რომელმაც ჰიპერინფლაციის გამო ღირებულება სრულად დაკარგა.

რატომ შეიქმნა ახალი ვალუტა:

2016 წელს ზიმბაბვეში იმპორტი გაიზარდა, რასაც ქვეყნიდან დიდი მოცულობით დოლარის გადინება მოჰყვა. ამის გამო ბანკებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ, ნებისმიერ მოქალაქეს ბანკიდან დღის მანძილზე მხოლოდ $50 დოლარის გატანის უფლება მიეცა. ქვეყანაში დოლარზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ კი ცენტრალურმა ბანკმა ახალი ტიპის ბანკნოტები გამოუშვა. 

იმის გამო, რომ ახალი ვალუტა კონვერტირებადი არაა, ბიზნესები მას ვერ იყენებენ, რადგანაც ამ ვალუტით იმპორტის დაფინანსება შეუძლებელია, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე დამატებით ზეწოლას იწვევს. Economist-ის ცნობით, მაღაზიები იმ პირებს, ვინც აშშ დოლარის მეშვეობით შეიძენენ საქონელს, 50%-იან ფასდაკლებასაც კი სთავაზობენ.

ზიმბაბვეს წარუმატებელი ვალუტების ბეჭდვის მძიმე გამოცდილება აქვს, 2008 წელს განუსაზღვრელი მოცულობით ფულის ბეჭდვამ ძველი ვალუტის - ზიმბაბვეური დოლარის ჰიპერინფლაცია გამოიწვია. 2009 წელს კი ქვეყანაში ინფლაციამ 79,600,000,000% შეადგინა, რასაც ზიმბაბვეს ეროვნული ვალუტის გაუქმება მოჰყვა. 2009 წლიდან დღემდე ქვეყანას საკუთარი ვალუტა არ ჰქონდა, რის გამოც ფულის როლს აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი, იაპონური იენი და კიდევ სხვა ვალუტები ასრულებდნენ. 

ქვეყანაში გადახდის ოფიციალურ საშუალებად მხოლოდ ადგილობრივი ვალუტაა გამოცხადებული, ფულის კონვერტაცია კი მხოლოდ შავ ბაზარზე ხდება. ეკონომისტთა შეფასებით, მაღალია ალბათობა, რომ ქვეყანაში ისევ ჰიპერინფლაცია დაიწყოს, რასაც მის ეკონომიკაზე დამანგრეველი ეფექტი ექნება. 

ზიმბაბვეს 93 წლის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე მართავს

რობერტ მუგაბე
ფოტო: japantimes.co.jp

რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტი 1987 წლიდანაა, იქამდე კი მას ქვეყნის პრემიერის თანამდებობა ეკავა. ავტორიტარი პრეზიდენტის მმართველობას ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევები, კორუფცია და უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი უკავშირდება, რამაც ზიმბაბვეს განვითარება ათობით წლით შეაფერხა.

კომენტარები