გიორგი მამალაძის საქმე

შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით დაიბარეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე, საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტაბულას არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის დაიკითხება შორენა თეთრუაშვილი. უწყებისვე ცნობით, დაიკითხება ყველა, ვის დაკითხვასაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ.

"ზუსტდება გარემოება ჯერ კიდევ, სავარაუდოდ მოხდება და სავარაუდოდ ერთად წავალთ. დაბარებულია, უბრალოდ ჯერ არ ვიცი დრო, სად, რა, როგორ", - განაცხადა კურიერთან საუბრისას საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

ამასთან, დღეს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა თქვა, რომ "ქალბატონი შორენა პასუხისმგებლიანი ქალბატონია. თუკი მასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს გაუჩნდებათ შეკითხვები, ქალბატონი შორენა მზად არის, მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს ძიებას ამ საკითხში".

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. უწყების 13 თებერვლის განცხადებით, "მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". რამდენიმე დღეში პროკურატურამ განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა.

გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებაში შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.

კომენტარები