საქართველოს საპატრიარქო

მეუფე დიმიტრი სოსო ოხანაშვილზე: მე მგონი, გადადგა

"მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მე მგონი, [სოსო ოხანაშვილი] გადადგა" - ამის შესახებ ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა TV პირველთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

"არ ვარ თბილისში, მოვდივარ ახლა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, დაცვა მთელი შემადგენლობით შეიცვალა" - აღნიშნავს მეუფე დიმიტრი.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ოხანაშვილი ილია მეორის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.

"რაც მისი უწმიდესობა დაბრუნდა საქართველოში, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს", - თქვა მამა მიქაელმა.

კითხვაზე, "კვლავ მუშაობს თუ არა სოსო ოხანაშვილი პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობაზე", ბოტკოველმა პასუხის გაცემა არ ისურვა. 

აღსანიშნავია, რომ სოსო ოხანაშვილი ბერლინიდან თბილისში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასაკითხად ჩამოიყვანეს, ხოლო მის ნაცვლად, გერმანიაში პატრიარქის და მისი გარემოცვის უსაფრთხოებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავდა. სოსო ოხანაშვილი არის პატრიარქის ძმისშვილის დიმიტრი შიოლაშვილის სიძე (ქალიშვილის ქმარი).

აქვე შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ბოლოს, ქადაგებისას, მეუფე იაკობმა საპატრიარქოს დაცვის სამსახურის წევრებსა და მის ხელმძღვანელს სოსო ოხანაშვილს ეკლესიასთან ბრძოლასა და ეპისკოპოსების წინააღმდეგ სტატიების შეკვეთაში დასდო ბრალი. ქორეპისკოპოსი იაკობი დაცვის სამსახურის დახურვითაც დაიმუქრა. 

კომენტარები