დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორი: თუ ბრალდებული მზადყოფნას გამოთქვამს, დღეს დავკითხავთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე
Facebook/ Ana Akhaladze

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გამომძიებლები მივიდნენ, რომლებიც ექსპერტიზაზე გადასაგზავნად, მტკიცებულებებთან შესადარებლად, ხმის, დნმ-ისა და ხელწერის ნიმუშებს აიღებენ.

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ნიმუშების აღების შემდეგ, თუ გამოთქვამს ბრალდებული მზადყოფნას, ის დაიკითხება.

პროკურორმა არაერთი კითხვის მიუხედავად არ უპასუხა, ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. მან არც სხვა დეტალებზე ისაუბრა, რათა "არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები". მტკიცებულებები კი მაშინ გასაჯაროვდება, როდესაც "აღარ იარსებებს გამოძიების ინტერესების დაზიანების საფრთხე".

პროკურორის თქმით, უახლოეს მომავალში დაიკითხება პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით კი, დეკანოზი დასაკითხად მზადაა. "ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. მივცემთ პროკურატურას სრულ ინფორმაციას. ჭეშმარიტება ისაა, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ, პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერება ციანიდით 10 თებერვალს დააკავეს, როდესაც ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს ამტკიცებდა, რომ დეკანოზი "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობას გეგმავდა. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღეში კი პროკურატურამ რეზონანსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა, რაც უწყებამ იმავე დღეს "მედიის მიერ სხვა ინტერპრეტაციის მიცემით" უარყო და საზოგადოებას მოუწოდა, 13 თებერვლის განცხადებით ეხელმძღვანელა. დეკანოზის ახალმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა 20 თებერვალს თქვა, რომ ბრალდება გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება.

კომენტარები