დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პროკურატურა: დეკანოზ მამალაძეს 27 თებერვალს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა

მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე
თეონა თურმანიძე

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ, ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ ბრალდებული დეკანოზი მამალაძე, ორშაბათს, 27 თებერვალს დაიკითხება. პროკურორი ბრალდებულის ადვოკატების განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

"ბრალდებული გ. მამალაძე დაკავების შემდეგ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და უარს ამბობდა ჩვენებას მიცემაზე. დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ. ბრალდებული ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ როცა ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 

არსებული ვითარების გათვალისწინებით, 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად, რაც მისი ვალდებულება იყო, რომ მოეცა ნიმუშები. რაც შეეხება დაკითხვას, გ. მამალაძე დაკითხება ორშაბათს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა თქმა უნდა, კვლავ უარს არ იტყვის დაკითხვაზე", - განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ.

კომენტარები