დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება, პროკურატურის წარმომადგენლები ციხეში მივიდნენ

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და დეკანოზი გიორგი (მამალაძე)
Facebook/Ana Akhaladze

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გრძელდება. პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე მივიდნენ. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურის ამოცანაა მტკიცებულებების შეკრება ყველა შესაძლო წყაროდან.

"ამიტომ ვატარებთ სრულყოფილ გამოძიებას და ამიტომ გვქონდა მიზანი, რომ დაგვეკითხა ბრალდებული. მას აქამდეც არაერთხელ შეეძლო, მოეცა ჩვენება, თუმცა, კარგია, რომ ახლა მაინც მოგვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს არაერთი შეკითხვა და გვაქვს იმედი, რომ ამომწურავ პასუხებს მივიღებთ მისგან. დაკითხვის დასრულების შემდეგ, როცა გვექნება ამომწურავი ინფორმაცია ბრალდებულისგან, გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს. ყველა შეკითხვას დავსვამთ, რაც გვაქვს, ხოლო რაზეც გვიპასუხებს და როგორც გვიპასუხებს, განმარტებას გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება დაკითხვა", - განაცხადა პროკურორმა.

გუშინ პროკურატურის წარმომადგენლები ე.წ. მატროსოვის ციხეში 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, მამა გიორგი მამალაძე ციანიდით გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც იმ დროისთვის პატრიარქი მკურნალობდა. უწყება 13 თებერვალს აცხადებდა, რომ მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც მას, "როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა". ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებმაც გაამძაფრა აზრი, რომ პატრიარქის მკვლელობა იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღეში პროკურატურამ განმარტა, რომ პატრიარქის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ადვოკატის განცხადებით კი, ბრალში პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაზეა საუბარი.

კომენტარები