რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია ხალვაშს: გადაეცით R2 მის კოლექტივს, თქვენს კომერციულ ინტერესს ავანაზღაურებთ

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს მიმართავს, ტელეკომპანია გადასცეს რუსთავი ორის კოლექტივს. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ხალვაშის კომერციულ ინტერესს თავად აანაზღაურებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ მას პოლიტიკურ და არა სამართლებრივ გადაწყვეტილებად, ფორმალურად ის არის ძალაში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთან, რომლებიც ნამდვილად კანონიერ მესაკუთრეებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ცხრა სულგაყიდული მოსამართლე, მათ ექნებათ საერთაშორისო სამართლებრივი დავები ქიბარ ხალვაშთან.

რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა, TV პირველის ეთერში ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ეს არის ბიზნესი და აპირებს რუსთავი ორის გაყიდვას, ვაკეთებთ შეთავაზებას:

ჩემ უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას რუსთავი ორი, ეს ადამიანები ქმნიან რუსთავი ორს. გადაეცით რუსთავი ორი მის კოლექტივს, თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ყველა ტელევიზია, გადაეცით რუსთავი ორი ამ კოლექტივს. რაც შეეხება ქიბარ ხელვაშის კომერციულ ინტერესებს, ის სასამართლოში დაობდა 7 მილიონზე ოდნავ მეტ ლარზე, ჩვენ დავთვალეთ - ეს არის 4 209 397 დოლარი იმ დროის მდგომარეობით, იმ კურსით. მას მიღებული აქვს გარკვეული რაოდენობა, დარჩენილ 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ, ხომ უნდა გაყიდვა ტელეკომპანიის? ხომ უნდა შენარჩუნება ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მისი კურსის? მივმართავთ ქიბარ ხალვაშს და მის პატრონს - საქართველოს ხელისუფლებას, ამ ადამიანებს გადაეცით 100% რუსთავი ორის და თქვენს კომერციულ ინტერესს დავაკმაყოფილებთ ჩვენ" - განაცხადა გვარამიამ და აღნიშნა, რომ ეს არის რუსთავი ორის ბოლო სიტყვა.

"ჩვენ გვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გავდივართ ეთერიდან, ჩვენ ვერ გაგვიყვანთ ეთერიდან. თუ გათიშავთ ეთერს, თუ გაგვიყვანთ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს... ეს ადამიანები მათთვის ქონების გადაცემის შემთხვევაში უზრუნველყოფენ სარედაქციო დამოუკიდებლობას, არხის გამართულ ფუნქციონირებას, მის შემოსავლებს, მათ შორის იმგვარად, რომ ქიბარ ხალვაშს გავუსტუმროთ თანხა, ისინი არ გაასხვისებენ ამ არხს, შეგვიძლია, ეს პირობაც ჩავდოთ, ეს არის ბოლო სიტყვა, ბურთი თქვენს მოედანზეა" - განაცხადა გვარამიამ.

დღეს, 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები