რუსთავი 2-ის საქმე

პრესის თავისუფლება და რუსთავი 2-ის საქმე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2016 წლის ანგარიშში, საქართველოში მათ შორის პრესის თავისუფლების პრობლემების შესახებაა საუბარი. ანგარიშის ამ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმე ექცევა.

„მოქალაქეები ძირითადად სარგებლობდნენ კონსტიტუციითა და კანონით უზრუნველყოფილი გამოხატვისა და პრესის თავისუფლებით, თუმცა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში ის ამ უფლებებს სათანადოდ არ იცავდა. ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო საზოგადოება გამოხატავდა შეშფოთებას მედია-გარემოს თაობაზე. ეს მოჰყვა მოვლენებს, რომელების გავლენას ახდენდნენ წამყვანი ტელევიზიების, მათ შორის წამყვანი არხის რუსთავი 2-ის, დამოუკიდებლობაზე“ - წერია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესსა და სასამართლოზე ხელისუფლების გავლენის შესახებ შეშფოთებაზე:

„მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავდნენ შეშფოთებას მედია პლურალიზმისთვის არასახარბიელო გარემოს, ასევე მედიაში პოლიტიკური ჩარევების გამო. განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების ჩარევა ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელევიზიის, რუსთავი 2-ის საქმეში, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობა ამავე არხის საქმეზე. რუსთავი 2-ის მტკიცებით, ხელისუფლება ჩართული იყო სააპელაციო სასამართლოს ივნისის გადაწყვეტილებაში, რომელმაც ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ნოემბრის გადაწყვეტილება - ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნება. ხელისუფლება იმეორებდა, რომ ეს საქმე კერძო მხარეებს შორის დავა იყო, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მოქმედებები ფართოდ აღიქვეს, როგორც რუსთავი 2-ის მთავრობის მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა“.

ანგარიშში წერია, რომ მედია დამკვირვებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რწმუნებით, „ყოფილი პრემიერმინისტრი ინარჩუნებდა ძლიერ გავლენას მთავრობასა და სასამართლოზე, მათ შორის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რუსთავი 2-ის მფლობელების წინააღმდეგ“.

კომენტარები