რუსთავი 2-ის საქმე

NGO-ები სტრასბურგს მიმართავენ: გააგრძელეთ R2-ის საქმეზე აღსრულების შეჩერება

არასამთავრობო ორგანიზაციები

28 არასამთავრობო ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოს იმ სექციის პრეზიდენტს მიმართავს, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება განიხილა და 8 მარტამდე დადებითად გადაწყვიტა. ისინი მოუწოდებენ სასამართლოს, საქმის არსებით განხილვამდე გააგრძელოს აღსრულების შეჩერება.

"ჩვენ, ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჭიროდ ვთვლით, ერთობლივი განცხადება გავაკეთოთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე გამოყენებულ დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ევროპულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მიმდინარე წლის 3 მარტს გამოყენებული დროებითი ღონისძიების გაგრძელების ან შეჩერების საკითხი. დაჟინებით მოვუწოდებთ სასამართლოს, შეინარჩუნოს 39-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული დროებითი ღონისძიება მანამ, სანამ სასამართლო საქმეს არსებითად არ განიხილავს.

იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სიღრმისეულად ვაკვირდებოდით ამ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებას ქვეყნის შიდა სასამართლოებში, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია თქვენთან გადაწყვეტილების გასაჩივრება და შესაბამის პრობლემებზე ხაზგასმა. ასევე, გვსურს, სასამართლოს ყურადღება მივაპყროთ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელების შენარჩუნების აუცილებლობას, რადგან ამ მედიის სარედაქციო პოლიტიკა პირდაპირაა დამოკიდებული მათზე.

ამ საქმეზე დაკვირვება გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, საქმის განხილვის მთელი პროცედურის განმავლობაში, იყო დარღვეული. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე ეს საქმე (ნომინალურად) წარმოდგენილი იყო, როგორც ორ კერძო პირს შორის ქონებრივი დავა, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობდა, დაემყარებინა კონტროლი მთავარ ოპოზიციურ მედიაზე, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს მედიაპლურალიზმსა და დემოკრატიას ქვეყანაში.

ამ დასკვნების საფუძვლები შემდეგია:

  • ეროვნულ სასამართლოში პროცესის დაწყების მომენტიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ განსახილველ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა. სასამართლო სხდომების დაწყების შემდეგ ეს ეჭვი არ გაქარწყლებულა, პირიქით, კიდევ უფრო გამყარდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოხატეს შეშფოთება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე, რომლითაც დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში დაინიშნა დროებითი მმართველი და მას მიენიჭა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად.[1]  კითხვები გააჩინა როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში სასამართლო განხილვების დაჩქარებულად წარმართვამ. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს რუსთავი 2-ის საპროცესო უფლებების უკანონოდ შეზღუდვის თაობაზე.
  • საქმის განხილვის ყველა ეტაპზე არსებობდა კითხვები მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. კონკრეტულად, პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას, ეჭვი აღძრა იმ ფაქტმა, რომ მოსამართლის დედის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც შესაძლოა, გამოყენებულიყო მოსამართლეზე ზეწოლის განსახორციელებლად. რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოითხოვეს მოსამართლეთა აცილება სააპელაციო სასამართლოშიც, იმ საფუძვლით, რომ ცალკეულ მოსამართლეებზე მთავრობა ახორციელებდა ზეწოლას. აგრეთვე, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ორ მოსამართლეზე გაცხადებული ზეწოლის ფაქტზე, მითითებული საქმე გასაჯაროებულ იქნა რუსთავი 2-ის მიერ.

  • სამართალწარმოების განმავლობაში, რუსთავი2-მა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული სამართლებრივი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. ზუსტად ამ დროს, მთავრობამ მოახდინა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება. მიუხედავად ვენეციის კომისიის და არასამთავრობო სექტორის ძალიან კრიტიკული შენიშვნებისა, ხელისუფლებამ დაამტკიცა ეს საკანონმდებლო ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებმა გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირების შეფერხება და ხელი შეუშალა გადაწყვეტილების მიღებას რუსთავი 2 -ის საქმეზე.

ამ სამართლებრივი საკითხების გარდა, აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2 არის კრიტიკული მთავრობის მიმართ და ამავე დროს იგი წარმოადგენს ყველაზე ყურებად კერძო მედიასაშუალებას საქართველოში. მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები ხშირად თავს არ იკავებდნენ, ღიად გაეკრიტიკებინათ ტელევიზია კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო.

რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების შემდგომ, იქნება გადამწყვეტი დარტყმა თავისუფალ მედიაზე. ამით შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი პლურალისტურ მედია გარემოს, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს უკიდურესად ნეგატიურ შედეგს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე.

გვსურს, სასამართლოს ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა და მისი დამოუკიდებლობა დადგება რისკის ქვეშ, თუ შეიცვლება ამ მედიასაშუალების მესაკუთრე.

და ბოლოს, ხაზგასასმელია კონტექსტიც. ამჟამინდელ მმართველ ძალას საქართველოში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რაც ასუსტებს ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთშეკავების მექანიზმს ქვეყანაში. ამ ვითარებაში მედიის როლი არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული კონტროლისა და ანაგრიშვალდებულებისათვის", - წერია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, მედიის განვითარების ფონდი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რეგიონალური მაუწყებლობის ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ატლანტიკური საბჭო, რეფორმების ასოციაცია, საზოგადოება და ბანკები, კავშირი საფარი, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, თანასწორობის მოძრაობა, სტრატეგიული სწავლების რეგიონული ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი, თანამშრომლობა ადამიანის უფლებებისთვის, ალიანსი ბალტიკა შავი ზღვისთვის, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, სამოქალაქო განათლების ფონდი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მედიაკლუბი, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და გაეროს ასოციაცია საქართველო

 

"[1] მოგვიანებით, ეს განჩინება გაუქმდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა იმ ნორმის მოქმედება, რომლის საფუძველზეც მმართველი დაინიშნა."

 

კომენტარები