რუსთავი 2-ის საქმე

ქიბარ ხალვაში ევროსასამართლოში მივიდა - ის R2-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ipress.ge

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი პაატა სალია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მივიდნენ. რუსთავი ორის ინფორმაციით, ხალვაში ტელეკომპანიის საქმეში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს.

"სამართლის საძებნელად მოვედი. წერილი უნდა ჩავაბაროთ, რითაც ვითხოვთ, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთონ, ჩემი პირადი უფლებების დასაცავად - ქონებრივი უფლებების და ყველაფრის.. მეორედ ვარ აქ მოსული, პირველადაც სააკაშვილის გამო, როდესაც ლტოლვილი ვიყავი და ვიდევნებოდი და დღეს მეორედ მოვედი... სტრასბურგის გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ ვაკრიტიკებ, არავითარი გადაწყვეტილება არ ყოფილა, შეაჩერეს მხოლოდ, მივესალმები, მეტი არაფერი" - თქვა ხალვაშმა სასამართლოში შესვლამდე და აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, "სტრასბურგის სასამართლო იმას გააკეთებს, რაც აქამდე გაუკეთებია".

"მე მხარე არ ვარ, ჩემი უფლების დასაცავად მოვედი მხოლოდ, წერილი არის, რომ მომისმინონ, რომ მეც მართალი ვარ ამ საქმეში... რუსთავი ორს და საქართველოს სახელმწიფოს შორის არის დავა, გადაწყვეტილებამ შეიძლება, ჩემი პირადი უფლება დააზიანოს, ამ ჩემი უფლების დასაცავად მოვედი, შემიძლია, შევიდე?" - განაცხადა ბიზნესმენმა რუსთავი ორთან საუბარში.

დღესვე, ევროსასამართლოში შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა არ დააკონკრეტა, იყო თუ არა სასამართლოში საუბარი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა. ევროსასამართლომ მოპასუხე მხარედ საქართველოს ხელისუფლება განსაზღვრა.

2017 წლის 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, "მხარეების ინტერესების გათვალისწინებისა და საქმის წარმოების სწორად წარმართვისთვის, მიუთითოს საქართველოს ხელისუფლებას, 39-ე მუხლის თანახმად, რომ უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ თავი შეიკავოს აპლიკანტი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი ფორმით ჩარევისგან".

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები