საქართველოს პარლამენტი

"ოცნების" დეპუტატების ინიციატივა: 12 აგვისტო, შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს

გარემოს დაცვის სამინისტრო

პარლამენტმა, შესაძლოა, 12 აგვისტო, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღე უქმედ გამოაცხადოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით უმრავლესობის დეპუტატებმა ალექსანდრე ქანთარიამ, აკაკი ზოიძემ, ლერი ხაბელოვმა, შოთა ხაბარელმა, კობა კობალაძემ, ლევან კობერიძემ და კარლო კოპალიანმა მიმართეს.

კანონპროქტის მიხედვით, ცვლილების მიზანი, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, მთავრობის მხრიდან "ძალისხმევის გაძლიერებაა" სახელმწიფო გაერთიანების და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით.

"საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ მეტი ძალისხმევა მიმართოს სახელმწიფო გაერთიანებისა და შიდა ეროვნული კონსოლიდაციის კუთხით. ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ერთიანი სახელმწიფო იდეის ხაზგასმა და ამ მხრივ მუშაობის გააქტიურება. დიდგორის ბრძოლა, რამაც საფუძველი ერთიან ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების რეალურად განხორციელების სტიმულია. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მეტი აქცენტი გაკეთდეს სახელმწიფოს ერთიანობაზე, ეროვნულ სულისკვეთბაზე, სახელმწიფოებრივ ასპექტებზე და გამარჯვებებზე. გლობალიზაციის პირობებში საჭიროა ეროვნული მუხტის გაღვივება და პროპაგანდა იმისა, რა ღირებულებების დაცვით მოვიდა მართლმადიდებელი საქართველო დღემდე. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების - 12 აგვისტოს - უქმე დღედ გამოცხადება და ეროვნული სულისკვეთების, ისტორიული და საბრძოლო ტრადიციების წარმოჩინებით აღნიშვნა. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ, რა ღირებულებებზე იდგა ქართული სახელმწიფო. დიდგორობის საერთო სახალხო დღესასწაულად და "საქართველოს დიდი გამარჯვების დღედ" გამოცხადება ხელს შეუწყობს ეროვნული მუხტის გაძლიერებას და განმტკიცებას", - წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ "ქართული სახელმწიფოს მხრიდან დღეს, როდესაც ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, აქტიური მუშაობა უნდა წარიმართოს საქართველოს გაერთიანებისა და ეროვნული კონსოლიდაციისათვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია. დიდგორის ბრძოლა ზუსტად ასახავს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის, სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების მუხტის კონსოლიდაცია. დიდგორობის, როგორც "სრულიად საქართველოს დიდი გამარჯვების დღის" აღნიშვნა საერთო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოებაში ერთიანი სახელმწიფოებრივი იდეის რწმენას გააღვივებს. ამ დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება და მასშტაბურად აღნიშვნა, ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის იქნება, რაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს გაძლიერების და შემდგომი გამარჯვებების საფუძველი გახდება".

კომენტარები