გიორგი მამალაძის საქმე

პროკურატურა: მამა გიორგი Google-ში ეძებდა, როგორ ზემოქმედებს ციანიდი ორგანიზმზე

საქართველოს პროკურატურა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების და მოწამვლის სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა. უწყებამ დღევანდელ ბრიფინგზე გამოძიების შუალედური შედეგები, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გაასაჯაროვა. პროკურატურის მტკიცებით, დეკანოზი ციანიდის შეძენაში დახმარებას ირაკლი მამალაძეს სთხოვდა და სანაცვლოდ, "კარგ ადგილს" ჰპირდებოდა. 

"პირველი შეხვედრისას, ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და შესთავაზა მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა. ბრალდებული დაინტერესდა, ნატრიუმის ციანიდს ექნებოდა თუ არა რეაქცია და მიიღებდა თუ არა სასურველ შედეგს.

სწორედ ამ შეხვედრისას, 4 თებერვალს - 16 საათსა და 28 წუთზე, ბრალდებულმა მისივე ტელეფონის გამოყენებით ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ დასახელებული ნივთიერება იყო ძლიერმოქმედი შხამი და მისი ზემოქმედების მომწამვლელი ეფექტი ადამიანზე კალიუმის ციანიდის ანალოგიურია.

მას შემდეგ, რაც ბრალდებული დარწმუნდა, რომ ნატრიუმის ციანიდის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო სასიკვდილო შედეგის დადგომა, ირაკლი მამალაძეს სთხოვა მისი შეძენა. ამავდროულად, საუბარში ჩანს, რომ გიორგი მამალაძე მისი ქმედებების შედეგებს უკავშირებდა გარკვეულ იერარქიულ წინსვლას, რაც გაზრდიდა მის ძალაუფლებას საპატრიარქოში და აქედან გამომდინარე ირაკლი მამალაძესაც ჰპირდებოდა "კარგ ადგილს", - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ბრალდებულის კუთვნილ SAMSUNG-ის ფირმის მობილურ ტელეფონზე კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა ჩატარდა.

"დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე, მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ საძიებო სისტემა GooGle-ის მეშვეობით. იგი ასევე ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით. აღნიშნული ინფორმაციის მოძიებას ბრალდებული ახდენდა მისსავე სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მეშვეობით 2016 წლის 27 დეკემბრიდან მოყოლებული სისტემატიურად. ყველა შემთხვევაში, ბრალდებული ინტერესდებოდა აღნიშნული ნივთიერების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე და მოწამვლის სიმპტომებით", - აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები