ტურიზმი

2016 წლის მე-6-მილიონე ვიზიტორს პრემიერმა საგანგებო დახვედრა მოუწყო

2016 წელს პირველად საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა, ჯამში გასულ წელს საქართველოს საზღვარი 6.3-მა მილიონმა უცხოეთის მოქალაქემ გადაკვეთა. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მე-6-მილიონე ვიზიტორს, ჰოლანდიელ ჯასპერ ბლექს, საგანგებო დახვედრა მოუწყვეს. ამ ვიზიტის ამსახველი ვიდეო ტურიზმის ადმინისტრაციამ დღეს, 10 მარტს, გამოაქვეყნა. 
 
ვიდეორგოლთან ერთად შეიქმნა ინტერნეტპორტალი www.hostme.ge, სადაც ონლაინრეჟიმში საქართველოში მცხოვრები მომხმარებლების მიერ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობებისა და ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება.
 
ვიდეორგოლისა და პორტალის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზეა დაგეგმილი. ქვეყნები, სადაც მისი ჩვენება იგეგმება: იტალია, გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ბელარუსი, ლატვია, ლიტვა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი და გაერთიანებული საამიროები. ვიდეო კომპანია "ვინდფორსმა" დაამზადა.

2016 წლის ტურიზმის სტატისტიკა:

2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, მოწინავე ადგილებს რეგიონის ქვეყნები იკავებენ.

10 ქვეყანა, რომლიდანაც 2016 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით:

  1. აზერბაიჯანი - 1.52 მილიონი, ზრდა 9.3%
  2. სომხეთი - 1.49 მილიონი, ზრდა 1.9%
  3. თურქეთი - 1.25 მილიონი, კლება 9.9%
  4. რუსეთი - 1.03 მილიონი, ზრდა 12%
  5. უკრაინა - 172 ათასი, ზრდა 21%
  6. ირანი - 147 ათასი, ზრდა 485%
  7. ისრაელი - 92 ათასი, ზრდა 55%
  8. ყაზახეთი - 48 ათასი, ზრდა 32%
  9. პოლონეთი - 44 ათასი, ზრდა 7.2%
  10. გერმანია - 40 ათასი, ზრდა 11%

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა 2015 წელს და 7% გახდა, 2016 წელს კი 7.6%-მდე გაიზარდა.

კომენტარები