ენმ აქციაზე: ჩვენ არ მივიღებთ ბრალდებას, რომ ოდესმე დავაზიანებთ ჩვენივე შექმნილს

"რიგითი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდა კარგად ორგანიზებულ და, როგორც ჩანს, წინასწარ დაგეგმილ, ანტისახელმწიფოებრივი მესიჯებით გაჯერებულ ძალადობაში, რაც ბევრ კითხვას აჩენს."- ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გუშინ ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურებიან. პარტიის წევრის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, გუშინდელი მოვლენები გამოძიებული უნდა იქნას სწრაფად და გამჭვირვალედ. 

„გუშინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ასეთი პროტესტი თავისთავად, ცარიელ ადგილზე არ ჩნდება. ადამიანებში უსამართლობის უზარმაზარი განცდაა დაგროვილი. ქვეყანაში გამეფებულია უიმედობა, უპერსპექტივობისა და დამცირებულობის განცდა. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ინციდენტი მასობრივ პროტესტში გადაზრდილიყო. ადამიანების მშვიდობიან პროტესტს მოჰყვა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური  გაგრძელება - საიდანღაც გაჩნდნენ ხულიგნები და ნიღბიანები, დაიწყო თავდასხმები, საბურავებისა და მანქანების დაწვა, ვანდალიზმი. რიგითი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდა კარგად ორგანიზებულ და, როგორც ჩანს, წინასწარ დაგეგმილ, ანტისახელმწიფოებრივი მესიჯებით გაჯერებულ ძალადობაში, რაც ბევრ კითხვას აჩენს. კატეგორიულად მოვითხოვთ, გუშინდელი მოვლენები გამოძიებულ იქნას სწრაფად და გამჭვირვალედ. უნდა გამოვლიდნენ და, კანონის შესაბამისად, უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები." - ამბობსპარტიის წევრი ზაზა ბიბილაშვილი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მომხდარზე პასუხიმგებლობას ივანიშვილის რეჟიმს აკისრებს და ამბობენ, რომ გამოძიების სანდოობა დრეს საქართველოში ნოლის ტოლია.

"პროკურატურა და შსს მთლიანად პოლიტიზებულია - უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. არც ერთი გახმაურებული საქმე არ საზოგადოებისთვის დამაჯერებლად არ გამოძიებულა. გამოძიებისადმი ნდობას კიდევ უფრო ამცირებს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ მზაკვრული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციის აქტიური ფაზის უკან თავად ხელისუფლება დგას. პროვოკაციის პასიური ფაზა კი მოვლენათა თვითდინებაზე მიშვება იყო, როცა ხელისუფლება 10 საათის მანძილზე უმოქმედობით მაქსიმალური ზიანი მიაყენებინა ბათუმისთვის, რათა შემდეგ ეს ყველაფერი ისევ ოპოზიციისთვის გადაებრალებინა. ნაციონალური მოძრაობა არის პარტია, რომელმაც შექმნა პატრული და ააშენა ბათუმი. ჩვენ არ მივიღებთ ბრალდებას, რომ ოდესმე, რიტორიკის დონეზე მაინც დავაზიანებთ ჩვენივე შექმნილს, მით უმეტეს, ივანიშვილის მოღალატე რეჟიმის წამომადგენლებისგან, რომლებსაც ნგრევისა და პირად კომფორტზე ზრუნვის გარდა არაფერი უკეთებიათ 5 წელია. რა ბინძური სცენარებიც არ უნდა დაიდგას და გათამაშდეს, ოლიგარქი ვერ შეაჩერებს იმ ლეგიტიმურ სახალხო პროტესტს, რომელიც ყველა წესიერ ადამიანს გააჩნია რეჟიმის მიმართ“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციის მონაწილეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში, რუსთაველზე შეიკრიბა. მოგვიანებით პარტიამ გააკეთა განცხადება, სადაც ძალადობა დაგმო და მოქალაქეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა, ხელისუფლება კი არაადეკვატურ რეაქციაში დაადანაშაულა.

კომენტარები