აქცია ბათუმში

ღოღობერიძე: აქცია ჩემი ორგანიზებული რომ ყოფილიყო, მინიმუმ დაკითხვაზე დამიბარებდნენ

MerabGogoberidze/fb.com

აქტივისტი მერაბ ღოღობერიძე ტაბულასთან საუბარში უარყოფს, რომ გუშინდელი აქცია მისი ორგანიზებულია. ღოღობერიძის თქმით, აჭარის პოლიციის უფროსის გადაყენების მოთხოვნით, მან რამდენიმე დღის წინ მიმართა ხელისუფლებას.

ღოღობერიძემ ტაბულასთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ ხალხის გაღიზიანება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას მოჰყვა. ის ამბობს, რომ კახაბერ ბუხრაძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, აჭარის საპატრულო პოლიციიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.

"აქცია საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული. მაბრალებენ მე და ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას. ჩემი ორგანიზებული რომ ყოფილიყო, მინიმუმ დაკითხვაზე ვიქნებოდი დაბარებული. ჩვენ ვაანონსებდით ადრე აქციებს და ბუხრაძის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდით ხელისუფლებას, გენერალურ ინსპექციას, შს მინისტრს... მე არ ვიყავი ამ აქციის ორგანიზატორი. დარწმუნებული ვარ, ასე რომ ყოფილიყო, დამაპატიმრებდნენ. ზოგიერთი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის წევრები, არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

ხალხის გაღიზიანება პოლიციელის მხრიდან მოქალაქის ცემას მოჰყვა. აგრესიულად იყვნენ განწყობილები. საზოგადოება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას აპროტესტებდნენ. ასევე, კახაბერ ბუხრაძე ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან თქვა, "თათრებს ვასწავლეთ ჭკუაო", - თქვა ღოღობერიძემ ტაბულასთან საუბარში.

მერაბ ღოღობერიძე წარსულში კახა კუკავას პარტიის, "თავისუფალი საქართველოს" წევრი იყო. ამჟამად ის არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრს" ხელმძღვანელობს. ღოღობერიძე არის აქტივისტი და ხშირად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. 2016 წელს ის აქციებს მართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის წინააღმდეგ. ამავე წელს, სარფის საბაჟოზე ფეხსაცმელი ესროლა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ვარშალომიძეს, რის გამოც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

აქცია ბათუმში დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, მათ პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 30-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის არიან პოლიციელებიც. აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის, ბათუმში აქცია დასრულებულია.

ბათუმში გვიან ღამით გაემგზავრნენ უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

დღეს ბათუმში ჩავიდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები