რუსთავი 2-ის საქმე

ომბუდსმენი: სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზიაზე განცხადებები გაუგებარია

radiotavisupleba.ge/

"მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც გამოაქვს ევროპის სასამართლოს, არის საბოლოო,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სავალდებულოა.

"აქ ძალიან კარგად ჩანს იმ ქვეყნების დემოკრატიული ხარისხის დონე, რომელიც ასრულებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა შევასრულოთ ეს გადაწყვეტილება. საქართველომ თვითონ გადაწყვიტა წლების წინ, გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი, გამხდარიყო ევროსაბჭოს წევრი და შესაბამისად, კონვენციას მივერთებოდით, რომლიც მიმართულია ადამიანის უფლებათა დაცვისკენ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია ნებისმიერი განცხადება, რომელიც გადაწყვეტილების რევიზიას ეხება" - თქვა ნანუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ჩართვისას.

სახალხო დამცველის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

"ეს განცხადებები მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის არ კეთდება და შესაბამისად, ამ განცხადებების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, ყველა ევროპულ სტრუქტურას ექნება. საბოლოო ჯამში, ეს მთლიანად აზიანებს პროცესს, რომელსაც ჰქვია საქართველოს სვლა ევროპული სტრუქტურებისკენ" - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, ხოლო 7 მარტს დროებითი ღონისძიება უვადოდ გააგრძელა. 

ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომაა გამოხატვის უფლება საკუთრების უფლებაზე პრიორიტეტული. ხოლო იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მართლმსაჯულების სისტემაზე. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმაც. მისი თქმით, "სტრასბურგის გადაწყვეტილებამ გარკვეული კითხვები თუ გაკვირვება გამოიწვია".

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, On.ge-მ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ქიბარ ხალვაში საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს ჩივილს და სწორედ ამ გზით მოხდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლა. 

კომენტარები