რუსთავი 2-ის საქმე

უზენაესის მოსამართლე: წარმოუდგენელია, პოლიტიკური გავლენით მიგვეღო გადაწყვეტილება

რუსთავი 2

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი, რომელმაც რ2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას დაუჭირა მხარი, ამბობს, რომ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს პოლიტიკური საკითხების მიმართ და გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეგავლენით არ მიუღია.

"მოსამართლემ, შესაძლოა, პოლიტიკური ზეგავლენით, თუ სხვა გავლენებით მიიღოს გადაწყვეტილება - ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. მით უმეტეს, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების ნეიტრალური დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხების მიმართ", - ამბობს ძლიერიშვილი რ2-თან საუბარში.

მოსამართლე არ აკეთებს კომენტარს სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ აღსრულების საკითხი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს გარეთაა.

"დაელოდეთ დიდი პალატის დასაბუთებულ, მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თქვენ ნახავთ, ბუნებრივია, იმ მოტივაციას, რატომ მივიდა დიდი პალატა ამ გადაწყვეტილებამდე და ამის მერე, შეიძლება, რომ იქნეს პასუხები გაცემული, როგორც სამოტივაციო ნაწილზე, ისე სხვა დანარჩენ ნაწილებზე. [სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან] დაკავშირებით ვერ გიპასუხებთ იქიდან გამომდინარე, რომ სამოსამართლო ეთიკა არ მაძლევს შესაძლებლობას, წინასწარ აზრი გამოვთქვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩემი კომპეტენცია არ არის. კოლეგიას ჰქონდა არა ორი დღის ვადა, არამედ რამდენიმე თვის ვადა - ეს საქმის მასალებში დევს. ჩვენი განხილვის საკითხი იყო საკუთრებაზე დავა. სასამართლომ თავისი სამართლებრივი ვალდებულება შეასრულა. აღსრულების საკითხი და შემდგომი პროცედურები არის სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს გარეთ", - თქვა უზენაესის მოსამართლემ.

შეგახსენებთ, რომ ევროსასამართლომ, 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 3 მარტს დროებით 8 მარტამდე შეაჩერა. 7 მარტს კი სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უვადოდ შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მას არასდროს გამოუყენებია სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

კომენტარები