საზოგადოებრივი მაუწყებელი

20:30-ის რედაქტორები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადავიდნენ

GDS-ის ხუთი თანამშრომელი საზოგადოებრივ მაუწყებელში განაგრძობს მუშაობას - ამის შესახებ ტაბულას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები "არამხოლოდ GDS-ის სხვა თანამშრომლებთან". გვიმრაძემ ტაბულას უთხრა, რომ შესაძლოა, საზოგადოებრივ მაუწყებელში 20:30-ის წამყვანი მაკა ცინცაძეც გადავიდეს.

გიორგი გვიმრაძის ცნობით, ეკა შონია, რომელიც GDS-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დაგეგმვის მთავარი რედაქტორი იქნება. GDS-იდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადადის ნათია თოიძეც. ნათია თოიძეს წინასაარჩევნოდ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრები მიჰყავდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი ახალი ამბებისა და დაგეგმვის რედაქტორი იქნება. 20:30-ის პროდიუსერები მაია ჭუჭულაშვილი და თამუნა კენკიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზეც იმავე თანამდებობას დაიკავებენ. 2030.news-ის რედაქტორი ირინა დეკანოიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის ახალი ამბების რედაქტორი იქნება.

გვიმრაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადასული თანამშრომლები, ძველ თანამშრომლებს არ ჩაანაცვლებენ.

ამასთან, GDS-ის 20:30-ის მთავარი პროდიუსერი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე. მაღლაფერიძემ წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებელში თანამშრომლების ოპტიმიზაცია ხარჯების შემცირების მიზნით უნდა მოხდეს. არხის მენეჯმენტის გეგმით, უნდა დაიხუროს "არარეიტინგული გადაცემები": "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა კომპანიამ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილი იყიდა. იმედი GDS-ის გარდა, ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასაც აპირებს.

კომენტარები