გარევაჭრობა

მერიამ მარჯანიშვილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლება აღარ მისცა

თბილისის მერია

თბილისის მერიამ მარჯანიშვილის მეტროსთან გარემოვაჭრეებს დახლების გაშლის უფლება აღარ მისცა. ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციებს იღებს. მერია იმავეს აპირებს თბილისის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზე. დედაქალაქის მთავრობა მოქალაქეებს საქმიანობის გაგრძელებას სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს. თბილისის მერიის განცხადებით, ამ დროისათვის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებმა პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, სავაჭრო დახლებით უფასოდ ისარგებლონ. 


ფოტო: თბილისის მერია

დედაქალაქის მთავრობის განცხადებით, უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნით, მათ არაერთხელ მიმართეს მოქალაქეებმა.


ფოტო: თბილისის მერია

"გარდა იმისა, რომ ქმედება კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები შექმნილ პრობლემებზეც საუბრობენ, მათ შორისაა: შეფერხება გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლა, ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯება. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ამის თაობაზე არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება გარემოვაჭრეებს, მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა", - აცხადებს მერია.

კომენტარები