კორუფცია

ასლი: მოსამართლე, ვინც ფილიპ მორისს 92 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა, კორუმპირებულია

0 კომენტარი
ფადი ასლი ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალზე ფოტო: facebook.com/iccgeorgia

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარის, ფადი ასლის თქმით, მოსამართლე რომელმაც თამბაქოს საერთაშორისო ბრენდებს - ფილიპ მორის საქართველოს და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს მრავალმილიონიანი ჯარიმები დააკისრა კორუმპირებულია. 

ფადი ასლის თქმით, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს ეხება, რომელმაც "სრულიად დაუჯერებელი" გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია საერთაშორისო სავაჭრო პალატის სამი წევრის - ფილიპ მორის საქართველოს, ბრითიშ ამერიკან ტობაკოსა და ტერაბანკის საქმეებზე.

"ყველამ ვინც გაეცნო ამ გადაწყვეტილებას საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, ჩვენთვის აშკარად კორუმპირებული მოსამართლე გახლავთ ვლადიმერ კაკაბაძე.

პრობლემა არის ამ საკითხის გადაჭრა, რადგანაც მთავრობა და პარლამენტი სასამართლოს საქმიანობაში ვერ ჩაერევა, რადგან არავის აქვს უფლება მოსამართლეებს ხელი დააკაროს ან შენიშვნა მისცეს. 

ერთადერთი ორგანიზაცია სასამართლო სისტემაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოა, რომელსაც ასეთი პიროვნების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღესდღეობით ასეთი პრაქტიკის შესაჩერებლად მკაცრ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ჩვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე კაკაბაძის წინააღმდეგ საჩივარი შევიტანეთ და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით როგორ იმუშავებენ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მთავარია, ჩვენ დავინახოთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის პრინციპებს უჭერს მხარს და არა კორუმპირებულებს აფარებს ხელს", - ამბობს ფადი ასლი TV პირველის ეთერში.

სასამართლოში კორუფციის რისკებთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატა ორშაბათს მრგავლი მაგიდის გამართვას გეგმავს, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები - ფილიპ მორისი და ბრითიშ ამერიკან ტობაკო ვლადიმერ კაკაბაძემ ქართული კომპანიების - "თბილისის თამბაქოს" (სიგარეტი პირველი) და ომეგა ჯგუფის საჩივარზე დააჯარიმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები