დონალდ ტრამპის საკადრო პოლიტიკა

ივანკა ტრამპი დონალდ ტრამპის მრჩევლად ოფიციალურად დაინიშნა

EPA

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ივანკა ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურ თანამდებობას დაიკავებს.

ივანკა ტრამპი დონალდ ტრამპის მრჩევლად დაინიშნება.

ივანკა ტრამპი ოფიციალურად აშშ-ის ფედერალური სახელმწიფო მოხელე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე გახდება. მას თეთრ სახლში საკუთარი კაბინეტიც ექნება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ანაზღაურებას არ მიიღებს.  

ამ დრომდე ივანკა ამბობდა, რომ ტრამპის არაოფიციალური მრჩეველი იქნებოდა, თუმცა მის ამ პოზიციას კრიტიკა მოჰყვა, რადგან მსგავს შემთხვევაში ის გათავისუფლებული იქნებოდა ეთიკის ზოგიერთი წესების დაცვისგან.

"ზოგიერთს ჰქონდა შიში, რომ პრეზიდენტის მრჩეველი ვიქნებოდი როგორც კერძო პირი. ამიტომაც ვიქნები თეთრი სახლის თანამშრომელი, რომელიც ანაზღაურებას არ მიიღებს და რომელზეც ყველა ის წესი ვრცელდება, რაც სხვა ფედერალურ მოხელეებზე", - განაცხადა ივანკა ტრამპმა. 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მრჩევლად ასევე მუშაობს ივანკა ტრამპის მეუღლე ჯარედ კუშნერი.

კომენტარები