აშშ

ტრამპმა ამერიკის უშიშროების საბჭოში სტივ ბანონის როლი შეზღუდა

nydailynews.com

დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის მთავარი სტრატეგი, სტივ ბენონი უშიშროების საბჭოს ჩამოაშორა. ახალი განკარგულებით, რომლის ავტორიც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერია, უშიშროების საბჭოს კონფიგურაცია იცვლება და უსაფრთხოების საკითხებში მთავარ პირთა კომიტეტის შეხვედრებს ბენონი აღარ დაესწრება. 

ახალი განკარგულებით, უშიშროების საბჭოს კომიტეტის კაბინეტის დონის შეხვედრებს, დამატებით ქვეყნის მთავარი სამხედრო ოფიცერი, ცენტრალური სადაზრვერვო სააგენტოს უფროსი, ეროვნული დაზრვერვის უფროსი, ენერგიის დეპარტამენტის მდივანი და გაეროში ამერიკის ელჩი დაესწრებიან. 

თეთრ სახლში სტივ ბენონის როლი, მედიის და მიმომხილველების აქტიურ განსახილველ თემას წარმოადგენდა. ბენონს, რომელიც ულტრა-მემაჯვენე გამოცემის, ბრეითბარტის ყოფილი რედაქტორია, ამერიკის წამყვანი მედია საშუალებების მიერ ძირითადად ნეგატიურ კონტექსტი განიხილავდნენ. ზოგი ფიქრობდა, რომ ტრამპის მთავარი გადაწყვეტილებების მიღმა (მათ შორის "ისლამური ქვეყნებიდან მოგზაურობის აკრძალვის თაობაზე") ბენონი იდგა. ბენონის უშიშროების საბჭოს სხდომებიდან მოხსნა, თეთრ სახლში მისი როლის შემცირებისკენ შესაძლოა მიუთითებდეს. როგორც New York Times-ს წერს, წყაროების თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ნაწილობრივ პრეზიდენტის უფროსს მრჩეველთან და სიძესთან, ჯარედ კუშნერთან ბენონის დაპირისპირებაა. 

ბანონის თქმით, მისი უშიშროების საბჭოში მონაწილეობა დროებითი იყო და ემსახურებოდა "სუზან რაისის მიერ ოპერაციონალიზებული საბჭოს დე-ოპერატიონალიზაციას", თუმცა ბენონს არ განუმარტავს რას გულისხმობდა ის "ოპერაციონალიზაციაში". მისი თქმით მისი მონაწილეობა საბჭოში დროებითი იყო და პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. 

თეთრ სახლში თანამდებობის დაკავებამდე, სტივ ბენონი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი იყო.

კომენტარები