საკონსტიტუციო კომისია

მდინარაძე: ღიმილის მომგვრელია საკონსტიტუციო კომისიის ახლა დატოვება

მამუკა მდინარაძე
საქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაასრულებს. პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემის ცვლილება ისევ შეუთანხმებელია. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა კომისიის ენმ-ის მიერ დატოვებას "ღიმილის მომგვრელს" უწოდებს.

„ნამდვილად ღიმილის მომგვრელია ახლა დატოვება კომისიის, როდესაც კომისიამ პრაქტიკულად დაასრულა მუშაობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მხოლოდ მორიგი პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა. საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც ახლა გვაქვს, ითვალისწინებს მომდევნო არჩევნებზე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, ხოლო იმის შემდეგ არჩევნებზე - არაპირდაპირი წესით. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მიიღებს ჯერ კომისია, შემდეგ პარლამენტი, ამიტომ დარწმუნებით იმის თქმა, რომ ეს პროექტი არის საბლოო სახის, არ შეიძლება“ - აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე.

საკონსტიტუციო კომისიის კიდევ ერთი წევრის, უმრავლესობის დეპუტატის ზვიად ძიძიგურის თქმით, კონსტიტუციის პროექტით საუბარია პრეზიდენტის ირიბ არჩევნებზე.

"ან პარლამენტი ან წარმომადგენლობითი ორგანო განახორციელებს ასეთი ტიპის არჩევნებს. გარდა ამისა, პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ, ეს არის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით" - ამბობს ზვიად ძიძიგური და ენმ-ის გადაწყვეტილებაზე, დატოვოს საკონსტიტუციო კომისია, აღნიშნავს, რომ "ბოიკოტის არავის არ ეშინია, ბოიკოტით პარტიები თავიანთ თავს აყენებენ პროცესის მიღმა“.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკონსტიტუციო კომისია გუშინ დატოვა და მიზეზად ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მორგება დაასახელა. გარდა ამისა, საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე დღის წინ ბოიკოტი გამოუცხადა მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის". ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მართლდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი არასამთავრობოებთან და ოპოზიციურ პარტიებთან საკონსტიტუციო კომისიის შესახებ კონსულტაციებს მართავდა. კობახიძის განცხადება უარყვეს პრეზიდენტმა, არასამთავრობოებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

კომენტარები