სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის მოსამართლეობა 68 კანდიდატს სურს - იხილეთ სია

0 კომენტარი
ფოტო: Newsweek

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. კანდიდატთა სია იხილეთ მოცემულ ბმულზე. მათგან ხუთს სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: საბუთების მიღება და მათი საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენა; პირველი ეტაპის შედეგად წარმატებული მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში; გამარჯვებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება; კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია.

"სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია, რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული.

კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები  თავდაპირველად წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ მათგანს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. 

სტრასბურგის მოსამართლეობის კონკურსს საქართველო მეორედ ატარებს, რადგან წარდგენილი სამივე კანდიდატი ევროსასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევმა კომიტეტმა ჩააგდო. კონკურსში ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობაზე განცხადებების მიღება მარტში უნდა დასრულებულიყო. ამ დროისთვის წარდგენილ სიაში იყვნენ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და ამავე სასამართლოს მოსამართლე კოტე ვარძელაშვილი. ამის შემდეგ საბუთების მიღება 13 აპრილამდე გახანგრძლივდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მამაკაცი დააკავეს

კომენტარები