ექსპროპრეაცია

ექსპროპრეაციის კანონით, სახელმწიფო მესაკუთრეს ქონებიდან 1 თვეში გამოასახლებს

0 კომენტარი
მაღალმთიანი რაჭა ფოტო: georgia.travel

პარლამენტში შესულია საკანონმდბლო პაკეტი, რომლითაც სახელმწიფოს მესაკუთრისთვის ქონების ჩამორთმევა ერთთვიან ვადაში შეეძლება. ქონების ჩამორთმევის იძულებისთვის, სახელმწიფო საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ აღდგენასაც გეგმავს. "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" - არის ამ კანონპროექტის სახელი და ის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის საკუთრების ჩამორთმევის - "ექსპროპრეაციის" წესს განსაზღვრავს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე ახალი ჰიდროელექტროსადგურების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის გაჭიანურებული დავა ქონების მესაკუთრეებთან. ამ პროექტების დაჩქარების მიზნით კი ექსპროპრეაციის ნორმები იცვლება და საპოლიციო გამოსახლების ნორმა აღდგება.

"კანონპროექტით განისაზღვრა გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილმა მესაკუთრემ უნდა გაათავისუფლოს ექსპროპრირებული ქონება. კერძოდ, მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობია განთავსებული - არაუმეტეს 1 თვისა, ხოლო მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას - არაუმეტეს 14 კალენდარული დღისა.

ამ პირობის დაუცველობის შემთხვევაში, ექსპროპრიატორს უფლება ენიჭება, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს მისი საკუთრებიდან უკანონო მფლობელის გასახლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოს ნაწილობრივ უბრუნდება ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ ფუნქცია ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ უძრავ ნივთზე ყოფილი მესაკუთრის მხრიდან ექსპროპრიატორის საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ექსპროპრიატორს სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება, რაც გულისხმობს ქონების მის საკუთრებაში გადასვლას", - წერია კანონის განმარტებით ბარათში.

ინიციატივას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა. ტაბულასთან საუბარში ქართული ოცნების წევრი ილია წულაია ამბობს, რომ ქვეყანა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მომდევნო წლების მანძილზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას გეგმავს, მათი დროული განხორციელებისთვის კი აუცილებელია ქონების ჩამორთმევის წესების დახვეწა და ამ მხრივ საპოლიციო გამოსახლების აღდგენა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები