საკონსტიტუციო კომისია

ხოშტარია: არ არსებობს სისტემა, რომელიც ივანიშვილს ხელისუფლებას გაუხანგრძლივებს

ელენე ხოშტარია

პარტია, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დღეს დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებას სურს პრეზიდენტის ინსტიტუტის ივანიშვილისთვის დაქვემდებარება და იმგვარი, მისივე თქმით, არადემოკრატიული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, რომელიც მას ხელისუფლებაში ყოფნას ყოფნას გაუხანგრძლივებს.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, საკუთარ ინტერესებს მოარგოს კონსტიტუცია, ივანიშვილი უკვე წარსულია.

"მინდა გამოვეხმაურო სკეპტიკურ დამოკიდებულებას, რომ აი, მორჩა, ივანიშვილი ახლა ამას [საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს] გაიტანს და ხელისუფლებაში იქნება უსასრულოდ - როგორც ამას თავად ამბობს, 20-30 წელს და კიდევ უფრო დიდხანს. ეს არის აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენა, იმიტომ, რომ არ არსებობს სისტემა, რომელიც მას გაუხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას ხალხის ნების წინააღმდეგ და, არც ერთ სისტემაში, მას ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭება არ გამოუვა, როდესაც ხალხის ნდობას ის დაკარგავს და ეს პროცესი არის შეუქცევადი.

აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციურმა ძალამ და, ზოგადად, ოპოზიციურმა ძალებმა, საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატივა - მშვიდობიანი, ცივილიზებული ალტერნატივა იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ შეუძლიათ, მშვიდობიანად, არჩევნების გზით დაემშვიდობოს ამ მთავრობას, რომელიც ასე ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. არანაირი აპოკალიფსი, იმისა, რომ ჩვენ ვეღარასდროს ჩამოვაცილებთ ივანიშვილს ხელისუფლებას, არ ხდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ფორმაში და საზოგადოება უნდა იყოს მტკიცე", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერტმა ლიდერმა.

საკონსტიტუციო კომისიამ, ქვეყნის უმაღლეს დოკუმენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, დღეს, ოპოზიციური ძალების მონაწილეობის გარეშე, 43 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მიიღო.

კომენტარები