იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საბჭო: უნდა დადგინდეს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტები

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჟურნალისტთა კორპუსს, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველს და საზოგადოებას "გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე" განცხადებით მიმართავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო "აქტუალურად მიიჩნევს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტების დადგენას".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას თან ახლავს მედიაში გავრცელებული განცხადებები. საბჭოს წევრების შეფასებით, "ეს ცალ-ცალკე და მით უფრო ერთობლივად, დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ თავად გამოხატვის თავისუფლებას და იწვევს მის დისკრედიტაციას". კერძოდ, საბჭოს შეფასებით, "მოსამართლეების მიმართ გამოყენებული უმძიმესად შეურაცხმყოფელი ეპითეტებია" - „ზონდერ-მოსამართლე“, „დაქირავებული ზონდერი“, „მანქურთი“, „მანტიაში გახვეული მანქურთი“, „მოღალატე“, „კრიმინალი“, „სამარცხვინო“, „ გაყიდული მონა“, „ჯიბის მოსამართლე“ , „დავალების შემსრულებელი“ , „ქვეყნისათვის თავისმომჭრელი“, მოსამართლეების მოხსენიება „ბრბოდ“ და სხვა. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს მოსამართლისა და სასამართლოსთან მიმართებით „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლები.

"აგრეთვე, ის გარემოებაც, რომ მოსამართლე, „თავშეკავებულობის პრინციპიდან“ გამომდინარე, მთლიანად მოკლებულია მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკაზე ადეკვატური პასუხის გაცემის შესაძლებლობას მედიის მეშვეობით; საბჭოს მიაჩნია, რომ სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი გამოვლინებანი შორს სცილდება არა მარტო სასამართლოს „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებს, არამედ, გამოხატვის თავისუფლების საერთო ფარგლებსაც, რომელთა გადალხვის შემდეგაც მისი შეზღუდვის აუცილებლობა წარმოიშობა"- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები