გიორგი მამალაძის საქმე

გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისს გაიმართება

მარიამ ტარიელაშვილი/Fb.com

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა. თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 მაისს გაიმართება.

ბრალდებულ დეკანოზს პროკურატურამ გუშინ, 26 აპრილს ბრალი დაუმძიმა. უწყების მტკიცებით, "დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან". სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე პატიმრობას.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მამალაძის ბარგის დათვალიერებისას "ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს".

გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, ციანიდის და გველის შხამის შეძენა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

კომენტარები