გატაცება ქვემო ქართლში

ქვემო ქართლში 17 წლის გოგო 10 წლით უფროსმა მამაკაცმა გაიტაცა

ქალთა მიმართ ძალადობა

ქვემო ქართლში, სოფელ თაქალოში, 17 წლის გოგო ათი წლით უფროსმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა. გატაცებული მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ამ დრომდე გატაცებული სახლში არ დაბრუნებულა. გატაცება დილით მოხდა.

საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია, facebook-ის პირად გვერდზე წერს:

"დღეს აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლე გოგონა მასზე 10 წლით უფროსმა თანასოფლელმა კაცმა გაიტაცა სკოლასთან ახლოს. მასწავლებელმა დარეკა პატრულში. ოჯახი ზის და გამწარებული ელოდება. პატრული არ ჩქარობს. ვინ იცის იმ გოგოს შეიძლება ახლა ის კაცი აუპატიურებს ან სცემს. არავინ არაფერს არ აკეთებს. არავინ არ ტოკავს. ეს ქვეყანაა? არა. არ არის ქვეყანა", - წერს პატარაია.

ტაბულასთან საუბარში ის აღნიშნავს: "ქორწინების მიზნით გატაცება ისევ გახშირდა. როგორც წესი ოჯახები რიგდებიან, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს და უმძიმესი დანაშაული დაუსჯელი და წახალისებული რჩება. ქალი კი ისევ ნივთია ამ ქვეყანაში, საგანი, რომელზე მორიგებაც შესაძლებელია", - ამბობს პატარაია.

კომენტარები