კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების კომისია რ2-ს ევროპული საქართველოს 2 ვიდეორგოლის გაშვებისთვის უჩივის

0 კომენტარი
ფოტო: youtube.com

კომუნიკაციების ეროვნული კომისია რუსთავი 2-ს "ევროპული საქართველოს" ვიდეორგოლების გაშვებისთვის უჩივის.

ტელეკომპანიისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ კომისია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რუსთავი 2-ის სამაუწყებლო ბადეში პარტიის ორი ვიდეორგოლის შესაბამისობის საკითხს განიხილავს.

მათ შორის, ერთერთი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სარეკლამო რგოლია, რომელშიც ევროპული საქართველოს წევრები მონაწილეობენ. კომისიის მტკიცებით, ვიდეო აგიტაციის ნიშნებს შეიცავს, მიანიშნებს პოლიტიკური პარტიის სახელწოდებაზე და არ შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ რეკლამად.

მეორე კი პარტიის სარეკლამო რგოლია, მასში პარტიის ლიდერები პოლიტიკური გაერთიანების ხედვებზე, გეგმებსა და დაპირებებზე საუბრობენ. კომისია ირწმუნება, რომ ვიდეორგოლი ეთერში არაწინასაარჩევნო პერიოდში გავიდა და ამ გზით მოქმედი კანონმდებლობა დაირღვა.

"კომისიას მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების დაუშვებლობა. კერძოდ, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი 66 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანასება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანასება ან თანადაფინანასება“ - ვკითხულობთ კომისიის შეტყობინებაში.

რუსთავი 2-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, ტელეკომპანია ხსენებული ვიდეორგოლების გაშვებას სამართალდარღვევად არ მიიჩნევს:

“ცოტა ხნის წინ მომივიდა წერილი, რომ ადმინისტრაციული წარმოება იწყება. ჩვენ გავუგზავნით ჩვენს პოზიციას და სხდომაზეც გამოვცხადდებით. ჩვენი აზრით, ეს არ არის სამართალდარღვევა და შევეცდებით დავიცვათ ჩვენი პოზიცია“ - ამბობს მურადაშვილი ტაბულასთან საუბარში.

ევროპულ საქართველოში კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კონკურენციის ჩახშობას ცდილობს:

"აქ ძალიან კარგად ჩანს ამ ხელისუფლების ბუნება. ჩანს ის, რისთვისაც უნდოდათ რუსთავი 2-ის დახურვა - სწორედ იმისთვის, რომ ოპოზიციასა თუ მათ მიმართ კრიტიკულად განკუთვნილ ჯგუფებს არ ჰქონოდათ საშუალება, მოსახლეობისთვის მიეწვდინათ სათქმელი. მეორეს მხრივ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ იყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენცია. ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ვითარება, რომ ხელისუფლება ახშობს პოლიტიკურ კონკურენტებს“ - ამბობს ელენე ხოშტარია.

როგორც ტაბულას მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, კომისიის სხდომა 11 მაისს გაიმართება, სადაც გამოქვეყნდება საჩივრის არგუმენტები. სხდომამდე უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები