ჩეჩნეთი

ჩეჩნეთის ხელისუფლება მოსახლეობას: თუ შვილი გეი გყავთ, მოკალით, თორემ ჩვენ ვიზამთ

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თუ მათი შვილი გეია, მოკლან. ამის შესახებ ერთ-ერთი გადარჩენილი France24-თან ყვება.

"ისინი ეუბნებიან მშობლებს, რომ მათი შვილი მოკლან, თორემ ამას თავად იზამენ. ამას ნამუსის სისხლით გაწმენდას ეძახიან. ისინი აწამებდნენ კაცს 2 კვირის განმავლობაში, ამის შემდეგ ოჯახი დაიბარეს, უთხრეს - თქვენი შვილი ჰომოსექსუალია, გაუსწორდით ან ჩვენ მივხედავთ", - ამბობს ის.

კიდევ ერთი გადარჩენილი ანზორი Associated Press-თან ყვება, თავად მას როგორ აწამებდნენ.

"ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ თითო დარტყმაზე ყველა ძვალს გილეწავენ", - ამბობს ანზორი, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმალება.

კიდევ ერთი მსხვერპლი ყვება: "20-30 წამით გრძნობ ელექტროენერგიას, შემდეგ ეცემი, ჩერდებიან. როდესაც გონებაზე მოდიხარ, თავიდან იწყებენ. ეს 6-7-ჯერ მეორდება".

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთში "ჰომოსექსუალობის გამო 100 კაცს ალყა შემოარტყეს და აწამეს. სულ მცირე სამი კი მოკლეს."

დასავლურმა ქვეყნებმა და ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა რუსეთის ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდეს.

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

"ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები არ არიან. შენ არ შეგიძლია, დააკავო და დევნა დაუწყო მას, ვინც არ არსებობს", - ამბობს კადიროვის სპიკერი ალვი კარიმოვი. 

გასულ კვირას ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატმა ალან დუნკანმა მომხდარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფუნდამენტალისტი ლიდერი იმუქრება, რომ ლგბტ თემს რამადანის დაწყებამდე, 26 მაისამდე "გააქრობს".

სამშაბათს პეტერბურგში LGBT აქტივისტები დააკავეს, რომლებიც დემონსტრაციას მართავდნენ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალების დევნის გამო.

კომენტარები