ფინანსები

ბანკის ლიცენზიისთვის საჭირო მინიმალური კაპიტალის მოცულობა 50 მილიონამდე გაიზარდა

AP Photo

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 3 მაისის ბრძანებით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა გაიზარდა. დღეისთვის იმისთვის რათა ბანკს საქმიანობის ლიცენზია ჰქონდეს მისი კაპიტალი 12 მილიონი ლარი მაინც უნდა იყოს, 2018 წლამდე ეს მოთხოვნა 50 მილიონამდე იზრდება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საბანკო ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლა გართულდება.

ცვლილება ძალაში ეტაპობრივად შევა, დოკუმენტის მიხედვით თავდაპირველად ის 30 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

  1. არანაკლებ 12 (თორმეტი) მილიონ ლარს 2017 წლის 30 დეკემბრამდე;
  2. არანაკლებ 30 (ოცდაათი) მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის;
  3. არანაკლებ 40 (ორმოცი) მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის;
  4. არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, ცვლილებები ბაზელ III-ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმდინარეობს, კაპიტალის მოთხოვნის ზრდა კი ეტაპობრივად მოხდება, რათა ბანკებს მის დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა ჰქონდეთ.

ბაზელ III საბანკო რეგულაციების ერთობლიობაა, რომელიც საბაზრო ლიკვიდობას, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებსა და ლევერიჯის (საკუთარსა და ნასესხებ სახსრებს შორის თანაფარდობის მაჩვენებელი, რომელიც ადგენს ფირმის მთელ საინვესტიციო კაპიტალში საინვესტიციო დავალიანების წილს) გონივრული ნიშნულის დადგენას მოიცავს. ბაზელ III მიზნად საბანკო სექტორის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდას ისახავს. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკიდან 3 ახალ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ სილქროუდ ბანკს, ფინკა ბანკსა და ზირაათ ბანკს არ აქვთ 50-მილიონიანი კაპიტალი.

ამ ბანკებმა იმისთვის, რომ ახალ რეგულაციებს უპასუხონ, მომდევნო წლის მანძილზე საკუთარი კაპიტალი უნდა გაზარდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიას დაკარგავენ. ახალი რეგულაციის დასაკმაყოფილებლად ამ ბანკებმა მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსები უნდა დახარჯონ, უცნობია, თუ რა ეფექტი ექნება ამას მათი საბანკო პროდუქტების ღირებულებაზე.

კომენტარები