ე.წ. ციანიდის საქმე

ომბუდსმენი: ციანიდის საქმის დახურვა სასამართლოს მიმართ ნდობას არ ამაღლებს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების სრულად დახურვასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ეს არ ემსახურება საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

"მომეტებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმაურება ე.წ. ციანიდის სისხლის სამართლის საქმის განხილვას და აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურება საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა მაღალი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის მქონე პირთა მიერ ბრალდებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. გარდა ამისა, დაცვის მხარისთვის დაკისრებული გაუთქმელობის ვალდებულების პირობებში, პროკურატურის მიერ ცალმხრივად ინფორმაციის გავრცელება აზიანებდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

2017 წლის 5 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის სრულად დახურვის შესახებ. შედეგად, საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის, მათ შორის მხარეთა პოზიციების შესახებ. სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სხდომის სრულად დახურვის საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები:

  • ერთ–ერთი მოწმის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ინტერესების დაცვა;
  • ვიდეო და აუდიოჩანაწერებში მონაწილე პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • პროცესის მონაწილე პირის მიმართ დაცვის სპეციალური საშუალების გამოყენება", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, შესაძლებელი იყო საქმის განხილვა ნაწილობრივ დახურულიყო.

"დაცვის მხარემ სასამართლოზე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული საპროცესო მიზნებისთვის საკმარისი იქნებოდა სხდომის ნაწილობრივ დახურვა. სამწუხაროდ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ წარმოადგენდა სხდომის სრულად დახურვა უკიდურეს, თანაზომიერ და პროპორციულ საშუალებას სსსკ 182–ე მუხლით გათვალისწინებული სიკეთეების დასაცავად. შესაბამისად, არგუმენტების გარეშე დარჩა, თუ რატომ არ შეიძლება დასახელებული სიკეთის დაცვა სხდომის ნაწილობრივი დახურვით", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის საჯაროობა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა არაერთი აქტით დაცული უფლებაა, რომლის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს. 

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ წინასასამართლო სხდომა არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა შინაარსობრივ გამოკვლევას. ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ წარადგენენ მტკიცებულებათა სიას, რომელთა გამოკვლევა მოხდება არსებითი სხდომის ფარგლებში. შესაბამისად, სხდომის სრულად დახურვის საჭიროებაზე დამაჯერებელი პასუხი აუცილებელია.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაცილებით უფრო მკაცრ ტესტს გამოიყენებს პროცესის საჯარო ხასიათის შეზღუდვისას და შესაძლებელი გახდება აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.

კომენტარები