საკონსტიტუციო ცვლილებები

NGO-ებმა ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასება გაუგზავნეს

0 კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საკუთარი შეფასება გაუგზავნეს. დოკუმენტი ასახავს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს პოზიციებს. ეს ოთხი ორგანიზაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები იყვნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია საარჩევნო სისტემა, კონკრეტულად კი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი. კონსიტუციის პროექტი ითვალისწინებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ულიმიტო ბონუსის შემოღებას, რომლის მიხედვითაც ყველა გაუნაწილებელი მანდატი ერთ პარტიას ერგება.

"საარჩევნო სისტემის ეს ასპექტი უსამართლოა და მნიშვნელოვნად აკნინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით მიღებულ პოზიტიურ შედეგს. ამასთან, საარჩევნო ბლოკების გაუქმება 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში აჩენს რისკებს, რომ არჩევნების შედეგად მაღალი იყოს გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა. ამ გაუნაწილებელი მანდატების ერთი პარტიისადმი მიკუთვნება საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ხელს შეუწყობს ძალაუფლების ხანგრძლივ კონცენტრაციას ერთი პარტიის ხელში", - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული უნდა იყოს მანდატების გადანაწილება პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე მათი შედეგების პროპორციულად. 

არასამთავრობოები ასევე აკრიტიკებენ ქორწინების განსაზღვრის ინიციატივას კონსტიტუციაში.

"პრობლემატურია ასევე ქორწინების განსაზღვრა როგორც "ქალისა და მამაკაცის კავშირი". ეს ცვლილება განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მზარდი ტენდენციისა და ლგბტ ჯგუფებისათვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ არსებული პრობლემების გათვალისწინებით. ამ ჩანაწერს, რომელიც ჰომოფობიურ და პოპულისტურ კონოტაციას ატარებს, გამყინავი ეფექტი ექნება ლგბტ უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში.

ქორწინების თანაწორობის თეორიული შესაძლებლობის აკრძალვა პრობლემურია იმის ფონზე, რომ ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთი და იმავე სქესის წყვილებისათვის სამოქალაქო პარტნიორობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე სქესის წყვილთა სამართლებრივი აღიარება და საპირისპირო სქესის წყვილთა მსგავსი უფლებებით უზრუნველყოფა", - წერია დოკუმენტში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან, გააგრძელონ მუშაობა ვენეციის კომისიასთან და მიაწოდონ მას ინფორმაცია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის შემდეგი მიმდინარეობის შესახებ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები