ნონა წოწორიაზე სავარაუდო ზეწოლა

ოთარ წოწორია: ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული ყველაფერი

ოთარ წოწორია
რუსთავი 2

სტრაბსურგის მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმა ოთარ წოწორია მისი სახლის ჩხრეკას საკუთარი დის მიმართ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

ოთარ წოწორიას თქმით, ამოღებული ნივთებიდან ორი სანადირო თოფი მისი საკუთრებაა და არ იცის, სხვა იარაღები მის სახლში როგორ მოხვდა. "ჩემი დის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული ყველაფერი. ჩემი და იყო ადეიშვილის მოადგილე, ალბათ ამიტომ. სანადირო თოფები ნამდვილად ჩემია, კანონიერად მაქვს. ერთი იარაღი ბაბუაჩემის კუთვნილია და 20 წელია გაფორმებული მაქვს, მემკვიდრეობით მერგო და არასდროს მისვრია. დანარჩენი არ ვიცი, საიდან და როგორ გაჩნდა ჩემთან", - ამბობს ოთარ წოწორია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული. უწყების განმარტებით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ნონა წოწორიას სტრასბურგის სასამართლოში ვადა უკვე ამოეწურა, თუმცა, რადგან მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან სამივე ჩააგდეს, მას უფლებამოსილება გაუხანგრძლივდა. ის მოსამართლეთა სწორედ იმ სექციაშია, რომელიც რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას საქმეებს განიხილავს.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მომხდარი ნონა წოწორიას დაშინებასა და ზეწოლას ემსახურება.

კომენტარები