გიორგი მამალაძის საქმე

"მამალაძის პიროვნებასაც განვიხილავთ" - პროკურატურა ციანიდის საქმის დახურვას ითხოვს

მარიამ ტარიელაშვილი/Fb.com

პროკურატურა ე. წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვას მოითხოვს. პროკურორი ზვიად გუბელაძე მიზეზად ასახელებს იმ ფაქტს, რომ სხდომაზე ბრალდებული დეკანოზის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია უნდა გამოიკვლიონ. აღსანიშნავია, რომ თავად მამა გიორგი მამალაძე სასამართლო განხილვების საჯაროობის მომხრეა და ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს.

"პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოებისთვის დაგვემალა ინფორმაცია. ამის ერთერთი დამადასტურებელი ისიც არის, რომ ჩვენ საჯაროდ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა, თუმცა, წინასასამართლო სხდომაზე არსებობდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. გარდა ამისა, საქმეში მოიპოვება ბრალდებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ისეთი ინფორმაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ საჯარო არ უნდა გახდეს" - ამბობს პროკურორი და აღნიშნავს, რომ "ჩვენ განვიხილავთ ბრალდებულის პიროვნებასაც, მის პიროვნულ მახასიათებელსაც - შესაძლებელი იყო თუ არა, ასეთ პიროვნებას დაეგეგმა კონკრეტული პიროვნების მკვლელობა ანგარებით, შესაბამისად, მისი პირადი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია მნიშვნელოვანია საქმისთვის, ობიექტური ჭეშმარიტება რომ დადგინდეს".

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, ბრალდების მხარე შესავალ სიტყვაში მოახდენს იმ მტკიცებულებების დემონსტრირებას, "რომელიც ნებისმიერ ნეიტრალურ, ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ გიორგი მამალაძე გეგმავდა ანგარებით ადამიანის მკვლელობას".

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით კი, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმესთან დაკავშირებით, არაფერი აქვს დასამალი.

"არც დანარჩენ ნაწილში არ მიმაჩნია, რომ რამე დასამალი იყოს. თუ მოსამართლე მიიჩნევს საჭიროდ, კონკრეტულ მოწმებისთვის დასმულ რამდენიმე კითხვაზე დახუროს სასამართლო პროცესი. არ მიმაჩნია, რომ ამ ნაწილშიც აუცილებელი იყოს, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ეს პრაქტიკაა, მათ შორის, გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე" - აღნიშნავს ფანცულაია.

ბრალდებულ დეკანოზს პროკურატურამ 26 აპრილს ბრალი დაუმძიმა. უწყების მტკიცებით, "დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადებასთან". სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე პატიმრობას.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მამალაძის ბარგის დათვალიერებისას "ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს".

გიორგი მამალაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, ციანიდის და გველის შხამის შეძენა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

კომენტარები