ავარია

ავარიას, რომელსაც დეპუტატის ვაჟი ემსხვერპლა, პროკურატურა იძიებს

მთავარი პროკურატურა

17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარ ავარიას, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილის სიცოცხლე შეეწირა. ავარიას წინ პოლიციის მიერ ხახუბიას დევნა უძღვოდა. გორის გვირაბიდან გამოსული მანქანა, რომელიც გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა გაჩერებულ ტრაილერს შეეჯახა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქმეს პროკურატურა იძიებს და მასში სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან გარკვეული დარღვევები იკვეთება.

რუსთვაი 2-თან საუბარში ტრაილერისა და ევაკუატორის მძღოლები ამბობენ, რომ მათ პოლიციამ გორის გვირაბთან ჩქაროსნული მაგისტრალი გადააკეტინა. რასაც მალევე ტრაილერთან გვირაბიდან გამოსული BMW X6-ის ავტომობილის შეჯახება მოჰყვა. ავარიის შედეგად საჭესთან მყოფი 21 წლის ბექა ხახუბია გარდაიცვალა. მათი თქმით, გვირაბიდან გამოსული მძღოლი, რომელიც გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა შეჯახების არიდებისთვის დროულად დამუხრუჭებას ვერ მოასწრებდა.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა რუსთავი 2-თან აცხადებს, რომ დიდი სიჩქარით მოძრავ ბექა ხახუბიას საპატრულო ეკიპაჟი გორთან აედევნა. მძღოლი, პოლიციის მოთხოვნას ავტომობილის გაჩერების შესახებ არ დაემორჩილა და გზა განაგრძო, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სამართალდამცავები დევნას არ წყვეტდნენ, ის ხაშურის ცენტრში მოტრიალდა და თბილისისკენ დაიძრა. ზვიად კუპრავას მტკიცებით, ურჩი მძღოლის შესაჩერებლად საპატრულო პოლიციამ გორის გვირაბის გამოსასვლელთან გზა ტრაილერით ჩახერგა, რითიც საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა და კანონი უხეშად დაარღვია. 

საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები