ლაშა თორდიას საქმე

შსს ლაშა თორდიას და ოთარ ფარცხალაძის დაპირისპირების ვიდეოს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოთარ ფარცხალაძისა და ლაშა თორიდიას შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. სამინისტრომ დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება: გამოიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები და თვითმხილველები, ამოღებულია ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. გამოძიების მიერ ასევე მოპოვებულია ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა.

უწყებამ მოწმეების ჩვენებებიც გაასაჯაროა:

"საქმეზე გამოკითხული ლაშა თორდიას ჩვენებით, 13 მაისს, ღამის საათებში, იგი ღამის კლუბ "ელ ცენტროს" ღია ტერასაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მისვლიდან რამდენიმე ხანში, ლაშა თორდიამ მეგობართან ერთად გადაწყვიტა შენობის შიგნით განთავსებულ ბართან მისულიყო. შენობაში შესვლისას მას შეხვდა ოთარ ფარცხალაძე, თანმხლებ პირებთან ერთად. შეხვედრისთანავე ოთარ ფარცხალაძემ ლაშა თორდია გვერდით გაიხმო და აგრესიული ტონით მიმართა, თუ რატომ აგროვებდა მასზე კომპრომატებს და სამსახურებრივი ვადის გასვლის შემდეგ, როგორ აპირებდა ცხოვრების გაგრძელებას. საუბრის დროს ისინი გამოვიდნენ "ელ ცენტროს" ტერასაზე. ამ დროს საუბარში ჩაერია ოთარ ფარცხალაძის გვერდით მყოფი, იმ დროისთვის თორდიასთვის უცნობი პირი - მიხეილ ჩოხელი. ლაშა თორდია დაინტერესდა, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რა დროსაც მარცხენა მხრიდან, თვალის არეში მოხვდა ხელი, თუმცა მან არ იცის, ვინ დაარტყა. აღნიშნულს მოჰყვა კიდევ რამდენიმე დარტყმა თავისა და სახის არეში. მისი ცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც იქ მყოფი პირები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. მომხდარ ფაქტს ლაშა თორდია თავის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ნიშნით დაესხა თავს ოთარ ფარცხალაძე", - ამბობენ შსს-ში.

უწყებისვე ცნობით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ლაშა თორდიას თანმხლები პირები, რომლებმაც გამოძიებას ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ისინი ვერ უთითებენ ინციდენტის დეტალებზე, ხოლო მომხდარის მიზეზების შესახებ მხოლოდ ლაშა თორდიასგან იციან.

"საქმეზე გამოიკითხნენ ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებმაც გამოძიებას შემდეგი სახის ჩვენება მისცეს: 13 მაისს, ღამის საათებში, ოთარ ფარცხალაძე მეუღლესთან, მეგობარ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად "ელ-ცენტროში" იმყოფებოდა. დაახლოებით, 02:00 საათისთვის მათ წასვლა დააპირეს, რა დროსაც შენობის გასასვლელ კართან ლაშა თორდია შემოხვდათ. ეს უკანასკნელი მათ მიესალმა, მაგრამ მისალმების ფორმის გამო მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რაც "ელ ცენტროს" ტერასაზე გაგრძელდა. იქვე მივიდა მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრიც. კამათის დროს ლაშა თორდია უფრო აგრესიული გახდა, ოთარ ფარცხალაძეს თავი ახლოს მიუტანა და ფაქტობრივად, ყვირილით უთხრა, რომ უნდა სცოდნოდა, ვის როგორ მისალმებოდა. ამის საპასუხოდ ფარცხალაძემ აიქნია ხელი სიტყვებით - "აბა, შენ რა უნდა გელაპარაკო" და წასასვლელად შემოტრიალება სცადა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია, რომელიც ოდნავ შეეხო ოთარ ფარცხალაძეს და შუბლის არეში მოხვდა მიხეილ ჩოხელს. ჩოხელი შეეცადა, ფიზიკური წინააღმდეგობა გაეწია თორდიასთვის. მომხდარში დაცვის თანამშრომელიც ჩაერია, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდა ლაშა თორდია დასაცავი ობიექტისგან მოშორებით გაეყვანა. მათთან აღმოჩნდნენ "ელ-ცენტროს" დაცვის თანამშრომლებიც და კონფლიქტი, რომელიც, არაუმეტეს 10-20 წამი გრძელდებოდა, განიმუხტა. მათი შეფასებით, მომხდარი ფაქტი არის პროვოკაციის მცდელობა", - თქვეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალაძე და ლაშა თორდია, მათთან მყოფ მიხეილ ჩოხელთან და დაცვის წევრთან ერთად, ერთმანეთს კლუბის შენობის გასასვლელთან შეხვდნენ, მისალმებასთან დაკავშირებით საუბრობდნენ, მაგრამ საუბრის დეტალებზე, ბარში არსებული ხმაურის გამო ვერ უთითებენ. უწყებისვე განცხადებით, ნეიტრალური მოწმეები ამბობენ, რომ აღნიშნულის შემდგომ მათ ტერასაზე გადაინაცვლეს, სადაც საუბარი უკვე დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა, რა დროსაც ლაშა თორდიამ ხელი მოიქნია და მიხეილ ჩოხელს მოარტყა. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირებულმა მხარეებმა ძიძგილაობითა და ერთმანეთში ჭიდილით კლუბის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს. მოწმეების ჩვენებით, კონფლიქტში კლუბის დაცვაც ჩაერია და ინციდენტი ძალიან მალე ამოიწურა, რის შემდგომ ფარცხალაძემ და მისმა თანმხლებმა პირებმა "ელ-ცენტროს" ტერიტორია დატოვეს, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე დარჩა. შსს მოწმეებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაპირისპირება რამდენიმე წამი გრძელდებოდა.

"გამოძიების მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ საუბრობენ "ელ ცენტროს" ტერასაზე ლაშა თორდია და ოთარ ფარცხალაძე, რა დროსაც მათთან ერთად იმყოფება მიხეილ ჩოხელი და დაცვის წევრი, როგორ ხდება კონფლიქტი, რომელიც ძალიან მალე, დაახლოებით, 20 წამში მთავრდება, რის შემდეგაც ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად მშვიდად ტოვებს "ელ ცენტროს" ტერიტორიას, ხოლო ლაშა თორდია ადგილზე რჩება", - ამბობენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დანიშნულია ფონოსკოპური ექსპერტიზა, ხოლო ლაშა თორდიასა და მიხეილ ჩოხელის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. 

საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები