გარევაჭრობა

გარემოვაჭრეების დახლები დიდუბის და გადასასვლელი ხიდის ტერიტორიიდანაც გაიტანეს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ დიდუბის და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. თბილისის მერის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა.

თბილისის მერიის ცნობით, ბაზრობების ასოციაცია ექვსი თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით, გარემოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ.

თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებები 19 მარტს, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

კომენტარები