ბავშვთა უფლებები

"ბავშვების დრო": დედის თხოვნით, ბავშვის ფოტო და ვიდეო გადაცემიდან ამოიჭრება

Facebook/ ბავშვების დრო

ინტერნეტგადაცემა "ბავშვების დრო" თავის Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს. 

"დედის თხოვნით და ჩვენი გადაცემის ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბავშვის ფოტო, რომელიც გუშინ დაიდო და ვიდეო, სადაც ბავშვის კადრები ჩანს (ყოველგვარი ინტიმური სცენების გარეშე) გადაცემიდან ამოიჭრება და გადაცემა ისე გავრცელდება... კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვართ მომხდარი გაუგებრობის გამო,"- წერია პოსტში. 

ინტერნეტგადაცემის წინააღმდეგ ბავშვთა უფლებადამცველებმა უკვე მიმართეს საქართველოს პროკურატურას. გადაცემის Facebook გვერდზე წინასწარ დაანონსდა, რომ გამოქვეყნდებოდა კადრები, რომელშიც ბავშვი გენიტალიების სტიმულაციითაა დაკავებული. ბავშვთა უფლებადამცველებმა და იურისტებმა ანონსის დადების შემდეგ მიმართეს გადაცემის შემოქმდებით ჯგუფს და მოუწოდეს, არ გამოექვეყნებინათ ვიდეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, უხეშად დაირღვეოდა ბავშვის უფლებები. 

უფლებადამცველი ანა აბაშიძის თქმით, გარდა პროკურატურისა, მათ ბავშვის დედის წინააღმდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეს.

ასევე, გამოქვეყნდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაც, სადაც წერია, რომ როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე ბავშვსაც აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ინსპექტორის თქმით, დაუშვებელია არასრუწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება, თუკი ეს ხელყოფს მის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ზიანს აყენებს მის ინტერესებს. 

კომენტარები