სტრასბურგის სასამართლო

კომისია ევრომოსამართლეობის მსურველებს არჩევს, პაპუაშვილმა კანდიდატურა მოხსნა

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები მიმდინარეობს. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურებს მთავრობისთვის წარსადგენად სამთავრობო კომისია შეარჩევს. კომისია იმ კანდიდატებს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და კონკურსს გამოეთიშა.

"მასთან გასაუბრება 27 მაისს, 14.30 საათზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა" - აცხადებს სამინისტრო.

გასაუბრება დღეს და ხვალ ჩატარდება. კომისია გაესაუბრება შემდეგ კანდიდატებს:

  • ადეიშვილი ირაკლი
  • ალანია თამარ
  • ალექსიძე თამარ
  • ბაქაქური ნინო
  • ბაჩიაშვილი იოსებ
  • ბოხაშვილი ბესარიონ
  • გაბისონია თამარ
  • გელაძე ნატალია
  • გეწაძე შოთა
  • დობორჯგინიძე ვერა
  • დონდოლაძე ირაკლი  
  • ვარძელაშვილი კონსტანტინე
  • კვირიკაშვილი მაია
  • კემულარია რუსუდან
  • კორკელია კონსტანტინე
  • ლეგაშვილი ნიკოლოზ
  • მესხიშვილი ქეთევან
  • მესხორაძე ლევან
  • სვანიძე ერიკ
  • ჭანტურია ლადო
  • ხითარიშვილი ლუიზა
  • ჯანდიერი დავით
  • ჯაფარიძე სოფიო

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და მიანიჭებს მას ქულას. კომისიის სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. საბოლოო, 5-კანდიდატიან სიაში შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და კაცები.

"ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები  თავდაპირველად წარედგინება  ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე, და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულს, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს" - აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობა

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

 

  • საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;
  • საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;
  • საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;
  • ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;
  • საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე  − ზაზა ხატიაშვილი;
  • „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;
  • სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;
  • კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი ჩააგდო, საქართველოს ხელისუფლება კონკურსს თავიდან ატარებს და სტრასბურგში ახალი კანდიდატების სიას გაგზავნის.

მოსამართლეობის მსურველთათვის განაცხადების შეტანის ბოლო დღე 14 მარტს უნდა ყოფილიყო, თუმცა, სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ ამ ვადამ ერთი თვით გადაიწია. ტაბულას წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ვადის ცვლილება უკავშირდებოდეს იმას, რომ კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილმა. მათ შესაბამისი დოკუმენტაცია სწორედ განაცხადების შეტანის ბოლო დღეს, 14 მარტს წარადგინეს. არის თუ არა ვადის გადაწევის მიზეზი პაპუაშვილისა და ვარძელაშვილის გადაწყვეტილება, უცნობია. იურისტები საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა განაცხადების შეტანის ბოლო ვადის შეცვლა კანდიდატების მცირე რაოდენობას უკავშირდებოდეს.

კომენტარები